skip to content
ახალი ამბები

გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარიატის მოხსენება საქართველოს შესახებ

გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესმა კომისარიატმა (OHCHR) გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოს 36-ე სესიაზე, რომელიც ჟენევაში 11-29 სექტემბერს გაიმართა, საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული ვითარების შესახებ ანგარიში წარადგინა.  

ანგარიში, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოს 34/37-ე რეზოლუციის ფარგლებში იქნა წარდგენილი, მიმოიხილავს OHCHR-ის მიერ საქართველოსთვის აღმოჩენილი ტექნიკური დახმარების მაგალითებს, ასევე ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ ვითარებას, მათ შორის აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში და მათ გარშემო.

ანგარიშის თანახმად, უმაღლესი კომისარიატი მიესალმება „საქართველოს ხელისუფლებას და OHCHR-ს შორის არსებულ თანამშრომლობას, ასევე საქართველოს ხელისუფლების მზადყოფნას, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის სახელმწიფო სისტემის გაუმჯობესებისკენ გადადგას ნაბიჯები.

„თუმცა, კვლავ რჩება წუხილები იმის თაობაზე, რომ არ არსებობს დამოუკიდებელი და ეფექტური სისტემა წამების და არასათანადო მოპყრობის შემთხვევების გამოსაძიებლად, დამნაშავეთა პასუხისგებაში მისაცემად და დასასჯელად, ასევე მსხვერპლთა და მათი ოჯახების კომპენსირებისთვის; პირადი ცხოვრების უფლების და მედიის თავისუფლების დასაცავად; დისკრიმინაციის წინააღმდეგ საბრძოლველად; სასამართლო სისტემის და სასამართლო პროცესესების სამართლიანობის უზრუნველსაყოფად; ასევე მოწყვლადი კატეგორიის ადამიანებისთვის ეკონომიკურ და სოციალურ უფლებებზე წვდომის გასაუმჯობესებლად“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ანგარიშის თანახმად, მიუხედავად 34/37-ე რეზოლუციაში ასახული მოწოდებისა, რომ  OHCHR-ს და საერთაშორისო, ასევე რეგიონულ უფლებადამცველ ორგანიზაციებს  აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში შესვლის უფლება ჰქონოდათ, „მაკონტროლებელმა ხელისუფლებამ“   OHCHR-ს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში შესვლაზე უარი განუცხადა. „აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში შესვლის უფლების არქონა ლეგიტიმურ კითხვებს და წუხილებს აღძრავს იქ მცხოვრები მოსახლეობის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია დოკუმენტში. 

„არ არსებობს სანდო და დაზუსტებული ინფორმაცია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული ვითარების შესახებ“, – ნათქვამია ანგარიშში, რომლის თანახმადაც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ადგილი აქვს დისკრიმინაციულ გამოვლინებებს ეთნიკური ნიშნით, განსაკუთრებით თავისუფალი გადაადგილების, პირად დოკუმენტებზე წვდომის, განათლების უფლების და საკუთრების უფლების თვალსაზრისით.

„მთავარ წუხილად კვლავ რჩება შეზღუდვები თავისუფალ გადაადგილებაზე აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლებზე, რაც მნიშვნელოვნად აბრკოლებს სხვა უფლებების გამოყენებას და ხელს უშლის გამყოფი ხაზების გასწვრივ ნდობის აღდგენისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელებას“, – ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტის თანახმად, „ისეთ ნაბიჯებს, როგორიცაა გამშვები პუნქტების დახურვა და ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესი“ ასევე ემატება შეზღუდული წვდომა იმ დოკუმენტებზე, რომლებიც „დისკრიმინაციის გარეშე სამოქალაქო, კულტურული, ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური უფლებების გამოყენებისთვისაა საჭირო“.

სხვა საკითხებთან ერთად, ანგარიში შეშფოთებას გამოხატავს 2016 წლის 19 მაისს ხურჩა-ნაბაკევის გამშვებ პუნქტზე საქართველოს მოქალაქის, გიგა ოთხოზორიას, მკვლელობის გამოძიების შეწყვეტის გამო.  დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ მდინარე ენგურზე ორი გამშვები პუნქტის დახურვა „ძირს უთხრის ძალისხმევას, რომელიც თავისუფალი გადაადგილების, როგორც ადამიანის უფლების და ნდობის აღდგენის მნიშვნელოვანი ღონისძიების, დაცვისკენაა მიმართული“.

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით ანგარიში ასევე მიმოიხილავს საოკუპაციო ხაზზე ადგილობრივი ქართველების დაკავებების, გალის რაიონში ქართულ ენაზე სწავლის შეზღუდვის, ეთნიკური ქართველებისთვის სათანადო პირადი დოკუმენტების ნაკლებობის და მათი საკუთრების უფლებების დარღვევის საკითხებს.   

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button