ახალი ამბები

უცხოელებზე მიწის გასხვისების საბოლოოდ აკრძალვამდე ხელისუფლება საფინანსო სექტორისთვის გამონაკლისს დააწესებს

ქართული ოცნება, რომელიც საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში გეგმავს მიწაზე საკუთრების უფლება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებსა და სახელმწიფოს შეუნარჩუნოს, უცხოური ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისათვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესაძენად საშეღავათო პირობების დაწესებას აპირებს

„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ კანონში ინიცირებული ცვლილებებით, უცხოელთა მფლობელობაში არსებულ ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს გარკვეული ვადით შეეძლებათ საკუთრებაში მიწის მიღება, მიუხედავად 2017 წლის ივნისში დაწესებული დროებითი აკრძალვისა. ამავდროულად, განსაკუთრებულ შემთხვევებში, საქართველოს მთავრობას ეძლევა უფლება, უცხოელებისათვის მიწის მიყიდვაზე თანხმობა განაცხადოს. 

საფინანსო სექტორისათვის საშეღავათო პირობების დაწესების საჭიროება გაჩნდა მას შემდეგ, რაც ნათელი გახდა, რომ მიწის გასხვისებაზე დაწესებული მორატორიუმი ერთგვარ შეზღუდვებს არა მხოლოდ უცხოელებისათვის, არამედ – საქართველოს მოქალაქეებისთვისაც აწესებს. კერძოდ, მორატორიუმის პირობებში, საქართველოს მოქალაქეებს, უცხოურ მფლობელობაში არსებულ ბანკებთან ურთიერთობისას, კრედიტის უზრუნველყოფის საშუალებად მიწის გამოყენება პრაქტიკულად აღარ შეეძლებოდათ.

ოპოზიციურმა პარტიებმა უცხოელ მოქალაქეებზე მიწის გასხვისების აკრძალვა გააკრიტიკეს. ისინი ყურადღებას ამახვილებდნენ აკრძალვით გამოწვეულ უარყოფით ეკონომიკურ ეფექტზე, ასევე – მორატორიუმის არაკონსტიტუციურობაზე.

ქართულმა ოცნებამ 2017 წლის ივნისში უცხოელებისათვის მიწის გასხვისება უკვე მეორედ აკრძალა. სამი წლის წინ, მსგავსი შეზღუდვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია

„ვაფრთხილებდით, რომ ეს კანონი იყო არაკონსტიტუციური, იყო აბსოლუტურად სულელური და პირველივე სირთულეები აღმოჩნდა ბანკებთან მიმართებაში. ბანკებში იპოთეკით დატვირთული მიწა, ფაქტობრივად, გახდა უსარგებლო. ამით გააკეთეს ის, რომ საქართველოს არცერთ ფერმერს არ ექნება შანსი, რომ მიწის დაგირავებით მიიღოს სესხი“, – განაცხადა დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების კომენტირებისას ერთიანი ნაციონალურო მოძრაობის წევრმა, რომან გოცირიძემ. 

ორი თვის უკანაც ჩვენ მათ ვეუბნებოდით, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების გასხვისების ასეთი მკაცრი აკრძალვა შექმნიდა სერიოზულ პრობლემებს აგრარულ სექტორში. ახლა ამ პრობლემის შემქმნელები ორ თვეში ცდილობენ ნაწილობრივ, მაგრამ მაინც მიიღონ სხვაგვარი გადაწყვეტილება და სურთ ეს წარმოადგინონ წინ გადადგმულ ნაბიჯადაღნიშნა ევროპული საქართველოს წევრმა, ირაკლის აბესაძემ.

მიწის გასხვისების აკრძალვას და საფინასო სექტორისათვის ამ საკითხში საშეღავათო პირობების დაწესებას სამოქალაქო საზოგადოებაც აკრიტიკებს. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები დაჩქარებული წესით განიხილება. ორგანიზაცია ასევე აცხადებს, რომ უცხოელებზე მიწის გასხვისების საკითხში მთავრობისათვის დამატებითი უფლებამოსილების მინიჭებით „კორუფციული გარიგებების დადების რისკი“ ჩნდება.

„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი, გამოეხმაურა.

„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა სწორედ ჩვენი ხელისუფლების ინიციატივით იქნა აღიარებული სტრატეგიულ რესურსად და უცხოელებზე მის გასხვისებაზე დაწესდა შეზღუდვები“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი და დასძენს, რომ უცხოელებისთვის დადგენილი მორატორიუმი ძალაში რჩება. 

ამავდროულად, კვირიკაშვილი განმარტავს, რომ საკანონმდებლო ცვლილებები „ეხება მხოლოდ საფინანსო სექტორს და ისიც, შეზღუდული ვადით“.

პრემიერ-მინისტრი ასევე უარყოფს ოპოზიციის ბრალდებას, რომ მიწის გასხვისებაზე დაწესებული მორატორიუმი კონსტიტუციას არ შეესაბამება. 

ქართული ოცნება მიმდინარე საშემოდგომო სესიაზე საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით მიღებას აპირებს, რითაც მიწაზე საკუთრების უფლება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს და სახელმწიფოს შეუნარჩუნდება. საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის თანახმად, მიწის გასხვისებასთან დაკავშირებული გამონაკლისები ორგანული კანონით უნდა განისაზღვროს. 

საქართველოს პარლამენტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისების საკითხში ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შეღავათების დაწესებას უახლოეს პლენარულ სხდომაზე განიხილავს.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button