skip to content
ახალი ამბები

მარგველაშვილი: საქართველოს ევროკავშირში წევრობა რუსეთისთვის ‘ხელსაყრელია’


გიორგი მარგველაშვილი მაკედონიის და პოლონეთის პრეზიდენტებთან ერთად, 5 სექტემბერი, 2017. ფოტო: president.gov.ge

საქართველოს წევრობა ევროკავშირში „მხოლოდ ხელსაყრელი იქნება რუსეთისთვის“, განაცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა 5 სექტემბერს კრინიცა-ზდრუის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

პოლონეთის და მაკედონიის პრეზიდენტებთან, ანდჟეი დუდასა და გეორგე ივანოვთან  ერთად საპანელო განხილვაზე „დაუმთავრებელი ინტეგრაცია და ევროპული ქვეყნების მისწრაფებები“ გამოსვლისას პრეზიდენტმა მარგველაშვილმა საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე და რუსეთის ფედერაციასთან ქვეყნის ურთიერთობებზე ისაუბრა.

მოდერატორის კითხვაზე გრძნობს თუ არა საქართველო მოსკოვის ზეწოლას მისი ევროპული მისწრაფებების გამო, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანა „მკაცრად“ დაისაჯა მისი ორი რეგიონის ოკუპაციის გზით, „იმ ფაქტით, რომ ჩვენი მოსახლეობის 15% იძულებით გადაადგილებულია“ იმ გადაწყვეტილების გამო, რომელიც ქვეყანამ საგარეო ურთიერთობებში „თავისუფალი არჩევანის“ სასარგებლოდ მიიღო. 

მარგველაშვილმა უარყო ის მოსაზრება, რომ „საქართველოსა და რუსეთს შორის დაძაბულობა“ 2008 წელს დაიწყო, როდესაც „რუსეთმა თავისი არმიის მეშვეობით საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია განახორციელა“, ასევე ის „ტენდენცია, რომ ეს საქართველოს ნატოში ინტეგრაციას დაუკავშირონ“. მისი თქმით, მოსკოვი მას შემდეგ აწარმოებს ჰიბრიდულ ომს საქართველოს წინააღმდეგ, რაც ქვეყანამ 1990-იანი წლების დასაწყისში დამოუკიდებლობა აღადგინა.

„რეალობა ისაა, რომ რუსეთი, ჰიბრიდული ომის მეშვეობით, რასაც ახლა თქვენ უკრაინაში ხედავთ, ამას 90-იანი წლების დასაწყისიდან აკეთებს, მას შემდეგ, რაც საქართველო საბჭოთა კავშირს გამოეყო და განაცხადა, რომ თავის ევროპული სახელმწიფოს იდენტობას უბრუნდება“, – განაცხადა მან.

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციამ „პრივილეგირებულ ინტერესთა ზონების პარადიგმას“ უნდა გადახედოს და საქართველოსთან „რაციონალურ დისკუსიას“ დაუბრუნდეს.

„თუ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს რაციონალური, სტაბილური და საღი აზრის პრიზმიდან შევხედავთ, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ევროკავშირში წევრობა  რუსეთისთვის მხოლოდ ხელსაყრელი იქნება, რადგანაც ამ შემთხვევაში საქართველო იქნება უფრო სტაბილური და ეკონომიკურად ძლიერი. ეს ასევე შესაძლოა გულისხმობდეს მეტ პარტნიორობას რუსეთთან ეკონომიკურ და სხვა საკითხებზე“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ევროპული ქვეყნების მიზანიც უნდა იყოს, რომ „რუსეთი რაციონალურ პოლიტიკურ დიალოგამდე მიიყვანონ, სადაც განიხილავთ არა მითებს, ემოციებს, გრძნობებს და ნოსტალგიებს, არამედ რეალურ გამოსავალს ჩვენი ხალხებისთვის და მათი უკეთესი ცხოვრებისთვის“.

„საბოლოო ჯამში, ჩვენ უნდა მივიდეთ ურთიერთობის უფრო ცივილიზებულ ფორმამდე, სადაც ვისაუბრებთ არა დასჯის, ან ნოსტალგიის გადმოსახედიდან, არამედ იმ თვალსაზრისით, თუ რომელი იქნება უკეთესი გამოსავალი საქართველოს მოქალაქეებისთვის, რუსეთის მოქალაქეებითვის, უკრაინის მოქალაქეებისთვის“, – დასძინა მან.

პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ, რომელმაც ასევე ისაუბრა საპანელო განხილვაზე, აღნიშნა, რომ პოლონეთი ყოველთვის იყო ქვეყანა, რომელიც „მხარს უჭერს იმ სახელმწიფოების ევროპულ მისწრაფებებს, რომლებიც არ არიან ევროკავშირის წევრები, თუმცა ისწრაფვიან მასში გაერთიანებისკენ“.

 

მისმა უფროსმა თანაშემწემ კშიშტოფ შჩერსკიმ განაცხადა 4 სექტემბერს, რომ ფორუმზე პოლონეთის პრეზიდენტი ხაზგასმით აღნიშნავს მისი ქვეყნის მხარდაჭერას ევროკავშირის შემდგომი გაფართოების მიმართ.

მან იმედი გამოთქვა, რომ სამი პრეზიდენტის მიერ საპანელო განხილვის გახსნა და ზოგადად ფორუმი „ხაზს გაუსვამს პოლონეთის მხარდაჭერას ევროკავშირის შემდგომი გაფართოების მიმართ“.

ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში პრეზიდენტმა მარგველაშვილმა პირისპირ შეხვედრა გამართა ანდჟეი დუდასთან, სადაც მათ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე და საქართველოს ევროპული და ნატოში ინტეგრაციის მიმართ ვარშავის მხარდაჭერაზე ისაუბრეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button