Placeholder canvas
ახალი ამბები

„თანასწორობის მოძრაობის“ აქტივისტებს ბათუმში ფიზიკურად გაუსწორდნენ

ლევან ბერიანიძე და თორნიკე კუსიანი, რომლებიც ლგბტ პირთა უფლებადამცველი ორგანიზაციის „თანასწორობის მოძრაობის“ აქტივისტები არიან, სავარაუდოდ ჰომოფობიური მოტივით, ჯერ – უცხო პირების, შემდეგ კი პოლიციელების მხრიდან, ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ. შემთხვევა ბათუმში, 25 აგვისტოს, დილის საათებში მოხდა.
„თანასწორობის მოძრაობის“ აღმასრულებელ დირექტორს, ლევან ბერიანიძეს,  გამგეობის წევრს, თონიკე კუსიანს, და მათთან ერთად მყოფ ტრანსგენდერ ქალებს ბათუმის ბულვარში თავს უცხო პირები დაესხნენ. მოძრაობის აქტივისტებმა დახმარებისთვის იქვე მყოფ პოლიცელებს მიმართეს, თუმცა, მათი თქმით, თხოვნას სათანადო რეაგირება არ მოჰყოლია. პოლიციელებმა ლევან ბერიანიძე და თორნიკე კუსიანი ძალის გამოყენებით დააკავეს და ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-6 განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც ჰომოფობიური ნიშნით სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, სცემეს და გაშიშვლება აიძულეს
დაკავებულები ადვოკატმა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა მოინახულეს. მათ დაადასტურეს, რომ ბერიანიძეს და კუსიანს ცემის კვალი ეტყობოდათ. „ვცდილობთ დავადგინოთ, ჰქონდა თუ არა ადგილი პოლიციის მხრიდან პროცესუალურ დარღვევას. გასარკვევია დაზიანებების მიღების დრო და ვითარება“, – განაცხადა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა, ციალა ქათამიძემ. მოგვიანებით, მიღებული დაზიანებების ამსახველი ფოტოები თავად ბერიანიძემ და კუსიანმა გამოაქვეყნეს.
მომხდარის შესახებ განსხავებულ ინფორმაციას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. მედიისთვის გაკეთებულ კომენტარში, შსს განმარტავს, რომ პოლიციელები ბათუმის ბულვარში დაუდგენელ პირებს შორის ფიზიკური დაპირისპირების შესახებ მიღებული შეტყობინების შემდეგ მივიდნენ. სამართალდამცველებმა მოქალაქეებს წერსიგის დაცვისკენ მოუწოდეს, თუმცა ბერიანიძე და კუსიანი, რომლებიც „განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ“, პოლიციის მოთხოვნას არ დაემორჩილნენ, „სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწიეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს“. 
„თანასწორობის მოძრაობის“ აქტივისტები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ, სადაც დაკავებული აქტივისტები გადაიყვანეს, 25 აგვისტოს ბერიანიძე და კუსიანი ხელწერილით გაათავისუფლა, 26 აგვისტოს კი ორივე აქტივისტი სამართალდამრღვევებად სცნო და თითოეულს 300 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.
„თანასწორობის მოძრაობის“ აქტივისტების დაკავება სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა 25 აგვიტოს თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან, 26 აგვისტოს კი ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან გააპროტესტეს.
ლევან ბერიანიძისა და თორნიკე კუსიანის ცემის ფაქტზე, 26 აგვისტოს, ერთობლივი განცხადება 16-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ გაავრცელა
ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები ყურადღებას ამახვილებენ „სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებთან ბრძოლის ერთიანი სტრატეგიისა და სისტემური პოლიტიკის არარსებობაზე“ და აღნიშნავენ, რომ „ჰომო/ბი/ტრანსფობიურ ნიადაგზე ჩადენილი დანაშაული ხშირად პოლიციის ეფექტიანი რეაგირებისა და გამოძიების გარეშე რჩება“.
„მსგავს დანაშაულებში იკვეთება ხოლმე პოლიციის მხრიდან ბრალის დაზარალებულებზე გადატანისა და მსხვერპლების დაკავების ტენდენცია. მეტიც, ზოგიერთ შემთხვევაში პოლიცია თავად მიმართავს ძალადობას ლგბტი თემის წევრების მიმართ და თავის ჰომო/ბი/ტრანსფობიურ დამოკიდებულებას ყველაზე სასტიკი ფორმებით ავლენს“, – ნათქვამია განცხადებაში. 
არასამთავრობო ორგანიზაციები მიმართავენ პროკურატურას, რომ უზრუნველყოს საქმის ეფექტიანი და დროული გამოძიება, ასევე დანაშაულისთვის შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭება და საქმეში სიძულვილის მოტივის გამოკვეთა.  შსს-ისგან კი აქტივისტების ცემაში სავარაუდოდ მონაწილე პოლიციელებისათვის უფლებამოსილების დაუყოვნებლივ შეჩერებას, სამართალდარღვევის დადასტურების შემთხვევაში კი – მათ გათავისუფლებას მოითხოვენ.
„თანასწორობის მოძრაობის“ აქტივისტების მიმართ ჩადენილი სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტის დროულ გამოძიებას სახალხო დამცველიც მოითხოვს
გავრცელებული ინფორმაციით, შსს-ს გენინსპექციამ ბერიანიძის და კუსიანის მიმართ პოლიციელთა მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტების ფაქტზე მოკვლევა დაიწყო. პროკურატურა კი საქმეს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით იძიებს
 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button