ახალი ამბები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი თანამდებობას ტოვებს

კესტუტის იანკაუსკასი, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ხელმძღვანელი, თანამდებობას ტოვებს და აზერბაიჯანში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელად ინიშნება. ამის შესახებ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ 25 აგვისტოს განაცხადა

ლიტველი დიპლომატი, კესტუტის იანკაუსკასი, რომელიც 2011-2014 წლებში ნატოში ლიტვის ელჩის თანამდებობას იკავებდა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელად 2014 წლის დეკემბერში დაინიშნა. იანკაუსკასი აზერბაიჯანში მუშაობას 1 სექტემბრიდან შეუდგება.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანახმად, 22 აგვისტოს, იანკაუსკასი შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს, რომელმაც იგი, „საქართველოში მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებაში შეტანილი პირადი წვლილისთვის“, ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

სადამკვირვებლო მისიის ახალი ხელმძღვანელის დანიშვნამდე, მისიას დანიელი დიპლომატი, ერიკ ჰოგი, უხელმძღვანელებს. 

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, რომელიც რუსეთ-საქართველოს შორის 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მონიტორინგის მანდატით შეიქმნა, საქართველოში შეუიარაღებელი დამკვირვებლები ჰყავს. ევროკავშირის დამკვირვებლებს დღემდე არ აძლევენ ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში შესვლის უფლებას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button