ახალი ამბები

პოლონეთის და ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროები რუსეთ-საქართველოს ომის წლისთავს ეხმაურებიან

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთ-საქართველოს ომის მე-9 წლისთავთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა, სადაც კატეგორიულად გმობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მილიტარიზაციას და ‘ბორდერიზაციას’ და მოუწოდებს რუსეთს, რომ თავი შეიკავოს „საქართველოს წინააღმდეგ პროვოკაციული ნაბიჯებისგან“.

„ჩვენ კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე მილიტარიზაციას და ‘ბორდერიზაციას’, რაც რუსეთის აქტიური მონაწილეობით ხორციელდება. მზარდი შეშფოთებით აღვნიშნავთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობის გაუარესებულ ჰუმანიტარულ, ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობას, რაზეც სრული პასუხისმგებლობა რუსეთს და სოხუმის და ცხინვალის დე ფაქტო მთავრობებს ეკისრებათ“, – ნათქვამია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 8 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში.

„მოვუწოდებთ, რომ დასრულდეს ადამიანის უფლებათა დარღვევები, როგორიცაა უკანონო რეგულაციების შემოღება, რომლებიც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები ქართველების დისკრიმინაციას ახდენს და მათ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი გადაადგილების უფლებას ართმევს“, – განაცხადა მან.

პოლონეთის საგარეო უწყებამ კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი პოზიცია, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოს განუყოფელ ნაწილს წარმოადგენენ და დასძინა, რომ „უნდა დაიგმოს ნებისმიერი ქმედება, რომელსაც რუსეთის და სოხუმის და ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებები საქართველოს ხელისუფლების ნებართვის გარეშე ახორციელებენ საქართველოს იმ ტერიტორიებზე, რომლებიც დროებით არ კონტროლდება თბილისის მიერ, ვინაიდან ისინი არღვევენ საქართველოს ხელისუფლების სუვერენულ უფლებას, განახორციელოს საკუთარი კონსტიტუციური უფლებები და ვალდებულებები საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში“.

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კიდევ ერთხელ გაიმეორა პოლონეთის მთავრობის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. „ვაღიარებთ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევის მობილიზაცია დაეხმარა საქართველოს მიმართ რუსეთის ფედერაციის აგრესიული პოლიტიკის შეჩერებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

სამინისტრომ მოუწოდა რუსეთს, რომ შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რაც „ჟენევის მოლაპარაკებების გაგრძელებასა და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის სრულ გამოყენებასთან ერთად სამშვიდობო პროცესს სწორ გზაზე დააყენებს“.

რუსეთ-საქართველოს ომის მე-9 წლისთავთან დაკავშირებით განცხადება ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც გაავრცელა, სადაც მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, რომ „შეასრულოს ექვსპუნქტიანი სამშვიდობო გეგმით აღებული ვალდებულებები, შეწყვიტოს საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევა და პატივი სცეს მის ტერიტორიულ მთლიანობას“.

მან ასევე მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ „კვლავაც აქტიურად მიყვეს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კურსს“.

„ომიდან ცხრა წლის თავზე, რუსეთს კვლავ არ შეუსრულებია ე.წ. ‘ცხრაპუნქტიანი სამშვიდობო გეგმა’. საქართველოს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონები კვლავ ოკუპირებული რჩება რუსეთის ფედერაციის მიერ და ამ რეგიონების მცოცავი ანექსია გრძელდება“, – განაცხადა ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და იქვე დასძინა, რომ „საქართველოს ამ რეგიონებში სისტემატურად ირღვევა ადამიანის უფლებები და შეუძლებელია იქ არსებულ სიტუაციაზე საერთაშორისო მონიტორინგის განხორციელება“.  

 

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩიუსი ასევე გამოეხმაურა რუსეთ-საქართველოს ომის მე-9 წლისთავს Twitter-ის პოსტით. „ცხრა წელი გავიდა რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წინასწარ დაგეგმილი ომის შემდეგ. სამწუხაროდ, გაკვეთილი ვერ იქნა ნასწავლი“.

მსგავსი/Related

Back to top button