Placeholder canvas
ახალი ამბები

დავით უსუფაშვილმა „შენების მოძრაობის“ პრეზენტაცია გამართა

საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, რესპუბლიკური პარტიის ყოფილმა ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა დღეს თავისი პოლიტიკური ძალის – „შენების მოძრაობის“ პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაციის ფარგლებში, უსუფაშვილმა თბილისის საარჩევნო გუნდი და დედაქალაქის მერობის კანდიდატი წარადგინა, რომლებიც მონაწილეობას 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებენ.

„შენების მოძრობა დაიწყო. გილოცავთ ყველას“, – ამ სიტყვებით დავით უსუფაშვილმა პრეზენტაციაზე მოწვეულ სტუმრებს მიმართა. მან დასაწყისშივე განაცხადა ახალი პოლიტიკური ძალის გეგმების შესახებ და აღნიშნა, რომ მის გუნდს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში „სერიოზული ამბიცია“ ექნება, ხოლო 2020 წლისთვის, ახალდაფუძნებული მოძრაობა საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას გეგმავს. 

დავით უსუფაშვილმა „შენების მოძრაობის“ პოლიტიკურ კურსზე და საქმიანობის პრინციპებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მის პოლიტიკურ გუნდს ცენტრისტული ორიენტაცია ექნება.

პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დღესვე „შენების მოძრაობის“ 27-კაციანი საარჩევნო სია და მერობის კანდიდატი დაასახელა, რომლებიც 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში კენჭს თბილისში იყრიან. უსუფაშვილი დარწმუნებულია, რომ „ფორმირების პროცესში მყოფი გუნდი“ თვითმმართველობის არჩევნებში „სერიოზულ სიტყვას იტყვის“.

პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ თბილისის მერობის კანდიდატად ეკონომისტი და 2012-2016 წლებში ქართული ოცნების მთავრობაში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე, თენგიზ შერგელაშვილი წარადგინა. წარდგენისას, უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ თენგიზ შერგელაშვილი თვითმმართველობის იმ რეფორმის ერთ-ერთი ავტორია, რომელიც არსებულმა ხელისუფლებამ ბოლო გადაწყვეტილებებით „უკან შეატრიალა“.

სიტყვით გამოსვლისას, თენგიზ შერგელაშვილმა დედაქალაქში არსებულ ეკონომიკურ, სატრანსპორტო და ეკოლოგიურ პრობლემებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „თბილისს აქვს ყველა წინაპირობა იმისათვის, რომ რაც კარგი გვაქვს ამ ქალაქში, იმას მოვუაროთ და ამით გავხდეთ მოწინავე ქალაქი, რაც ცუდი გვაქვს – ის შევცვალოთ, და რაც არ გვაქვს – ის შევქმნათ“. 

გამოსვლაში, თენგიზ შერგელაშვილი პოლიტიკურ კონკურენტებსაც შეეხო. მან ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ „შენების მოძრაობის“ შექმნით საზოგადოებას „დაფიქრებული არჩევანის“ გაკეთების შესაძლებლობა ეძლევა.

„შენების მოძრაობა“, თბილისის გარდა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებშიც გეგმავს. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button