skip to content
ახალი ამბები

მარგველაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნას სთავაზობს

თბილისში ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის, ორდღიანი ვიზიტის დასრულების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მაიკ პენსს აშშ-ს მხრიდან საქართველოს საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის ინიციატივით მიმართა

გიორგი მარგველაშვილის თქმით, იმ მკაფიო განცხადებების ფონზე, რომელიც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სამხედრო აღმშენებლობისა და ნატოში ინტეგრაციის მხარდასაჭერად გააკეთა, საქართველო-ამერიკის თანამშრომლობა კიდევ უფრო „ეფექტური“ გახდება, თუკი აშშ საქართველოში სპეციალურ წარმომადგენელს დანიშნავს.

„ყოველივე ეს [საქართველოსადმი აშშ-ის მხარდაჭერა] უფრო ეფექტურად იმუშავებს თუ ჩვენ თანამშრომლობის ხარისხს და დონეს ავწევთ უფრო მაღლა, საგანგებო წარმომადგენლის სტატუსში“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა და დასძინა, რომ სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა სტანდარტული პრაქტიკაა, „როდესაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას განსაკუთრებული ინტენსივობა და განსაკუთრებული ხარისხი ენიჭება“. 

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ 1 აგვისტოს გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელიც გიორგი მარგველაშვილისა და მაიკ პენსის საუბრის დეტალებს ეხება, ნათქვამია, რომ აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით „დაინტერესდა“.

„გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოს საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა ხელს შეუწყობს საქართველოსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობისა და კონკრეტული ინიციატივების უფრო სწრაფ და ეფექტიან იმპლემენტაციას“, – აღნიშნავს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

საქართველოში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის ინიციატივა საქართველოს მთავრობის და ქართული ოცნების წევრებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.

„რაღაც აუცილებლობას, კიდევ ახალი ელემენტი შევიტანოთ ამ [ამერიკა-საქართველოს] ურთიერთობაში მე პირადად ვერ ვხედავ, თუმცა პრეზიდენტი თუ რამეს გვთავაზობს, განხილვა ყველაფრის შეიძლება. მაგრამ კიდევ ერთხელ აღვნიშნავ: ეს იყო სიურპრიზი, საუბარიც კი არ ყოფილა აქამდე მთავრობის წევრებთან ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განუცხადა ჟურნალისტებს ვიქტორ დოლიძემ, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა.

პრეზიდენტის ინიციატივა დადებითად შეაფასეს საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა.

„ეს არის მისასალმებელი. ასეთი ტიპის წარმომადგენელი ჰყავს, მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებს უკრაინაში და სწორედ რუსეთის ოკუპაციის კონტექსტშიც შესაძლებელი იქნებოდა, რომ განგვეხილა ასეთი წარმომადგენლის დანიშვნა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან“, – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, თინათინ ბოკუჩავამ.

ევროპული საქართველოს წარმომადგენლის, გიორგი ტუღუშის, თქმით, „ნებისმიერი ფორმატი, რომელიც საქართველოს საკითხის მეტ აქტუალიზაციას მოახდენს და ჩვენი პარტნიორი ამერიკელების მხრიდან მეტ დროს დაუთმობს საქართველოს პრობლემატიკას, მათ შორის ოკუპაციას, ძალიან მნიშვნელოვანი და კარგია“.

2 აგვისტოს, პრეზიდენტის ინიციატივაზე დამატებითი განმარტება საგარეო საქმეთა საკითხებში გიორგი მარგველაშვილის მრჩეველმა, თენგიზ ფხალაძემ, გააკეთა. მისი თქმით, სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა აპრობირებული პრაქტიკაა და „არავითარ შემთხვევაში არ აკნინებს არც ელჩს, არც საგარეო საქმეთა სამინისტროს, არც რომელიმე დღეს მოქმედ დიპლომატს“. 

მსგავსი/Related

Back to top button