skip to content
ახალი ამბები

სოციალურ ქსელში გავრცელებულ სავარაუდო მუქარის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქართველთა მარშის“ ორგანიზატორთა მხრიდან გაეროში 2016-2017 წლებში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლის თათია დოლიძის წინააღმდეგ სავარაუდო მუქარის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.   

Facebook-ზე გავრცელებული საუბარი, რომელიც კონსტანტინე მორგოშიამ (2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პატრიოტთა ალიანსის კანდიდატი მცხეთის მაჟორიტარულ ოლქში) დაიწყო 16 ივლისს და რომელსაც „ქართველთა მარშის“ სხვა ორგანიზატორებიც შეუერთდნენ, თათია დოლიძის წინააღმდეგ სექსუალური ძალადობის მუქარებს შეიცავდა იმის გამო, რომ მან 16 ივლისს აქცია გააკრიტიკა.    

მორგოშიას პოსტი Facebook-ზე აღარ იძებნება, თუმცა ამ პოსტის კადრები ფართოდ გავრცელდა სოციალურ ქსელში. პოსტის ერთ-ერთმა მონაწილემ ბექა ვარდოსანიძემ უარყო ეს განცხადებები და აღნიშნა, რომ ყალბი გვერდების მეშვეობით სხვები იმუქრებოდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა 17 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარას და ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

პოლიტიკური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების რეაგირება

მოძრაობა თავისუფლებისთვის მერობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ 17 ივლისს სპეციალური ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ეს იყო „აბსოლუტურად ამაზრზენი შემთხვევა ფაშისტი, ჰომოფობი, მოძალადე ჯგუფებისგან თავისუფალ მოქალაქეზე სექსუალური მუქარის შემცველი განცხადებებით“.

„ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ გამოხატვის თავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანია რაოდენ მიუღებელიც არ უნდა იყოს ეს აზრი, მაგრამ გუშინდელი განცხადებები თათია დოლიძის მიმართ იყო კონკრეტულად სექსუალური ძალადობის შემცველი. ეს არის სისხლისსამართლებრივი დანაშაული“, – განაცხადა მან.

მან მმართველი პარტიაც დაადანაშაულა თავის დროზე ამ ჯგუფების „წახალისების“ გამო „პოლიტიკური ძალადობისთვის“ გამოსაყენებლად.

მანამდე იმავე დღეს განცხადება საქართველოს ქალთა მოძრაობამ გამოაქვეყნა, სადაც ხელისუფლება გააკრიტიკა. „ცალსახად შემაშფოთებელ გარემოებად მიგვაჩნია ის, რომ ხელისუფლება მყარად დუმს როგორც საკუთრივ აქციის, ისე მისი ორგანიზატორების სიძულვილით სავსე პროპაგანდის შესახებ…  ვთვლით, რომ დუმილით და უმოქმედობით სახელმწიფო სიძულვილს წაახალისებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ქალთა მოძრაობა მოუწოდებს მედია საშუალებებს გამოუცხადონ ბოიკოტი „ქართული მარშის“ ორგანიზატორებს, არ მიიწვიონ ისინი გადაცემებში; ასევე მოუწოდებს მთავრობას გააკეთოს ოფიციალური განცხადება და გამოხატოს თავისი პოზიცია როგორც ქსენოფობიური მარშის, ისე ახალგაზრდა ქალის მიმართ გამოყენებული სიძულვილის ენასთან და ძალადობის მუქარასთან დაკავშირებით, ხოლო მუქარის ავტორებმა საჯარო ბოდიში მოიხადონ სიძულვილის ენის და შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გამო.

სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ასევე გააკეთა კომენტარი საკითზე და შეშფოთება გამოთქვა „აშკარა მიზოგინიური და სიძულვილის ენის გამოყენების გამო, რაც კიდევ უფრო ამყარებს გენდერული თანასწორობის მხრივ ქვეყანაში არსებულ რთულ მდგომარეობას“. მან მოუწოდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს „დროულად და ეფექტიანად წარიმართოს მუქარის სავარაუდო ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიება“. 

მმართველი პარტიის თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ მოუწოდა, რომ „დასრულდეს პოლიტიკურ ნიადაგზე აგრესიული დაპირისპირება და ადამიანების შეურაცხყოფა“. 17 ივლისს Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში კალაძე წერს, რომ „წარმოუდგენელია აცხადებდე, რომ იცავ ყველაფერ იმას, რაც ღირებულია ჩვენი ქვეყნისთვის- სტუმართმოყვარეობა, ტოლერანტობა, ქალისადმი პატივისცემა და ვაჟკაცობა, და რეალურად, საქციელით ამას ყველაფერს ზურგით უდგებოდე“.

„მოვუწოდებ ყველა საჯარო პირს, პოლიტიკურად აქტიურ მოქალაქეებს – იმოქმედეთ, ისაუბრეთ და დაუპირისპირდით ოპონენტებს მორალის, ადამიანობის და პოლიტიკური კულტურის ფარგლებში“, – წერს კალაძე.

კოალიციამ თანასწორობისთვის, რომელიც რვა უფლებადამცველ ორგანიზაციას აერთიანებს, ასევე გამოაქვეყნა განცხადება, რომლის თანახმადაც  სოციალურ ქსელში დაფიქსირებული კომენტარები შეიცავს „სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულების ნიშნებს – მუქარა (სსკ 151-ე მუხლი) ან წამების მუქარა (სსკ 1442-ე მუხლი), რაც ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ორ წლამდე.

კოალიციამ მოუწოდა შსს-ს, რომ უზრუნველყოს გამოძიების „სწრაფად, მიუკერძოებლად და გენდერული ხედვით ჩატარება“.

„ასევე მნიშვნელოვანია, რომ სექსისტურ და დანაშაულებრივ განცხადებებს, ისევე როგორც მარშის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ქსენოფობიურ, რასისტულ მოწოდებებს, პოლიტიკური ხელისუფლება მკაცრად გაემიჯნოს და მოახდინოს თანასწორობასა და ადამიანის უფლებების იდეებზე დაფუძნებული პოლიტიკური იდეების ღია მხარდაჭერა და გავრცელება“, – ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button