არასამთავრობოები უცხო ქვეყნის მოქალაქეების დაცვის მიზნით ხელისუფლებას მიმართავენ

ათამდე არასამთავრობო ორგანიზაცია აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმესთან და თურქეთის მოქალაქე მუსტაფა ემრე ჩაბუქის დაკავებასთან დაკავშირებით „უკიდურეს შეშფოთებას“ გამოხატავს და განცხადებას ავრცელებს, სადაც საქართველოს მთავრობას მოუწოდებს დაიცვას საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები.

30 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე არასამთავრობო ორგანიზაციებმა ორივე პირთან მიმართებაში პუნქტობრივად ჩამოთვლილი მოთხოვნები გააცნეს საზოგადოებას, რომლის ადრესატები საქართველოს მთავრობა, პროკურატურა და პარლამენტია.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) წარმომადგენელის თამთა მიქელაძის განცხადებით, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული ეს ორი გადაწყვეტილება „არსებითად აზიანებს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებს“.

„ეს არის ზღვარი, რომელსაც საქართველოს მთავრობა ან გადალახავს, ან არ გადალახავს. ეს იქნება საზომი საქართველოში გვაქვს დემოკრატიული მმართველობა თუ არა“, – განაცხადა თამთა მიქელაძემ პრესკონფერენციაზე.

„ცხადია ძალიან უსიამოვნო ფაქტის წინაშე დავდექით დღეს ჩვენ, როდესაც ვხედავთ, რომ ჩვენი სახელმწიფო არ მოქმედებს საერთაშორისო პრინციპების და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად და იგი არ იცავს უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც იდევნებიან თავიანთ ქვეყნებში“, – განაცხადა საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც 29 მაისს თბილისში გაუჩინარდა, მეორე დღეს კი ბაქოს წინასწარი დაკავების იზოლატორში აღმოჩნდა, არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მთავრობას მიმართავენ უზრუნველყოს საქართველოში მყოფი მეზობელი ქვეყნებიდან დევნილი აქტივისტების, ჟურნალისტების, პოლიტიკოსების და სხვა პირების საქართველოში ლეგალური ცხოვრების, თავისუფალი გადაადგილებისა და ხელშეუხებლობის თავისუფლება.

საქართველოს პროკურატურისგან კი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის თავისუფლების უკანონო აღკვეთის საქმეზე ეფექტიანი, დროული და დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებას მოითხოვენ.

„ამ კუთხით არსებითია დეტალურად იქნას შესწავლილი საქართველოს სახელმწიფოს ოფიციალური წარმომადგენლობის შესაძლო მონაწილეობისა და პასუხისმგებლობის საკითხი“, – ნათქვამია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს პარლამენტსაც მიმართავენ, რათა მოხდეს „სისტემურ პრობლემებზე მთავრობის, განსაკუთრებით სამართალდამცავი ორგანოებისა და უსაფრთხოების საქმიანობაზე ეფექტიანი საპარლამენტო კონტროლის განხორციელება და შესაბამისი ზომების მიღება“.

თურქეთის მოქალაქის მუსტაფა ემრე ჩაბუქთან მიმართებაში, რომელიც თბილისში კერძო კოლეჯის ერთ-ერთი მმართველი იყო და ფეთჰულაჰ გიულენთან ასოცირებული ე.წ. ტერორისტული ორგანიზაცია FETÖ-სთან სავარაუდო კავშირის ბრალდებით, 24 მაისს, თურქეთის ხელისუფლების თხოვნით დააკავეს, არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მთავრობისგან მოითხოვენ დაკავებული თურქულ მხარეს არ გადაეცეს, ხოლო მის ოჯახს და თანამოაზრეებს პოლიტიკური თავშესაფარი მისცენ.

საქართველოს პარლამენტს კი მოუწოდებენ უზრუნველყოს „ეფექტიანი საპარლამენტო კონტროლის განხორციელება თურქეთის მოქალაქეების შესაძლო უკანონო ექსტრადაციისა და საქართველოში ფეთჰულაჰ გიულენის მოძრაობასთან კავშირში განხილული სკოლის შესაძლო შევიწროების პრაქტიკაზე“.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებით, ისინი მზად არიან დაიცვან ამ ადამიანების უფლებები სამართლებრივი დაცვის ყველა საშუალებით.

This post is also available in: English (ინგლისური)

Back to top button