Placeholder canvas
ახალი ამბები

კრისტიან ბჟანია: ‘არ ვიხრებით იქითკენ, რომ ანქვაბზე თავდასხმა თბილისს დავუკავშიროთ’


აფხაზეთის ტელევიზიით გასული კადრი, სადაც ჩანს აფხაზეთის ლიდერის კორტეჟის ერთ–ერთი მანქანა, რომელსაც გავრცელებული ინფორმაციით, ყუმბარმტყორცნიდან ესროლეს 22 თებერვალს გადაუთას სიახლოვეს. 

სეპარატისტული აფახეზეთის ხელისუფლების ოფიციალურმა წარმომადგენელმა კრისტიან ბჟანიამ განაცხადა, რომ სოხუმი აფხაზეთის ლიდერზე ალექსანდრე ანქვაბზე მომხდარ თავდასხმაში ქართულ კვალს ვერ ხედვას.

„ეს დანაშაული აშკარად იყო მიმართული პრეზიდენტის წინააღმდეგ. ის პირველი არ არის. რამდენადაც მახსოვს, ეს უკვე მეექვსეა, მაგრამ არ ვიხრებით იქითკენ, რომ ის ქართულ კვალს დავუკავშიროთ“, – განუცხადა ბჟანიამ „იტარ–ტასს“.

ალექსანდრე ანქვაბი 22 თებერვალს დილით მორიგ თავდასხმას გადაურჩა მას შემდეგ, რაც მისი ესკორტს გუდაუთიდან სოხუმისკენ მიმავალ გზაზე ცეცხლი გაუხსნეს. მანამდე კი იმავე გზაზე ძლიერი ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა.

სოხუმიდან გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად აფხაზეთის ლიდერის დაცვის სულ ცოტა ერთი წევრი დაიღუპა; ზოგიერთი ინფორმაციით, დაცვის ორი წევრი დაიღუპა. კიდევ ერთი წევრი კი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში იმყოფება.

2005 წლის შემდეგ ეს ანქვაბზე უკვე მეხუთე ან შესაძლოა მეექვსე თავდასხმაც არის. არც ერთი ეს შემთხვევა ბოლომდე გამოძიებული არ ყოფილა და არც არავინ დაუკავებიათ. თავად ანქვაბი თავდასხმებს "შიდა" აფხაზურ ძალებს აბრალებს, თუმცა დეტალებზე მას საჯაროდ არასდროს უსაუბრია.

ზოგიერთმა ექსპერტმა თბილისში გამოთქვა ვარაუდები, რომ შესაძლოა ანქვაბზე დღევანდელი თავდასხმა, წინა თავდასხმების მსგავსად, მისი გაცხადებული მიზნის შედეგია, რომელიც კორუფციის და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას ეხება.

13 თებერვალს ანქვაბმა საჯაროდ გააკრიტიკა შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები დანაშაულის „დაფარვის“ და დანაშაულის შესახებ სტატისტიკური მონაცემების ხელოვნურად შემცირების გამო.

იმავდროულად, სოხუმში 22 თებერვალს დაახლოებით 500 ადამიანი შეიკრიბა სპონტანურად მოწყობილ აქციაზე, რათა ანქვაბზე თავდასხმა დაეგმოთ, იტყობინება „აფსნიპრესი“. ამავე ინფორმაციით, აქციის გამომსვლელები სამართალდამცავ სტრუქტურებისგან თავდასხმის გამოძიებას და დამნაშავეთა გასამართლებას მოითხოვდნენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button