
ყალბი ფულის რეალიზების ბრალდებით ცხინვალელი ‘მაღალჩინოსანი’ დააკავეს
შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის განცხადებით, 20 თებერვალს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლებმა 20 ათასი ყალბი აშშ დოლარის რეალიზების დროს დააკავეს თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო სავაჭრო კომიტეტის “მაღალჩინოსანი” ეთერ კაჩმაზოვა, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა.
თუმცა მას არ დაუკონკრეტებია ზუსტად რა თანამდებობა უკავია კაჩმაზოვას თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მთავრობაში.
შს მინისტრი მის ხელთ არსებულ ინფორმაციასა და დაკავებულის აღიარებით ჩვენებაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ კაჩმაზოვას, რომელიც რუსეთის მოქალაქეა, 1 მლნ აშშ ყალბი დოლარი ცხინვალში აქვს შენახული. მერაბიშვილი ამ საქმის გამოსაძიებლად ოს და რუს სამართალდამცავებს თანამშრომლობისაკენ მოუწოდებს.
“სამწუხაროდ, ცხინვალი კვლავაც რჩება არამარტო დივერსიული და ტერორისტული აქტების ორგანიზების ადგილად, არამედ ნარკოტიკებისა და ამ შემთხვევაში, ყალბი ფულის გავრცელების მთავარ არეალად“, – განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე შს მინისტრმა.