ახალი ამბები

საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში უცვლელი დარჩა


მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსი 2017, რეპორტიორები საზღვრების გარეშე.

პარიზში არსებული მედიის უფლებათა დამცველი ჯგუფის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ (Reporters Sans Frontières – RSF) მიერ გამოქვეყნებულ ყოველწლიურ კვლევაში საქართველოს რეიტინგი 2016 წელს უცვლელი დარჩა.

კვლევა „მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსი 2017“ 2016 წლის მოვლენებს ასახავს.

ანგარიშის თანახმად, 180 ქვეყანას შორის საქართველოს 27,76 ქულით 64–ე ადგილი უკავია. ანალოგიური მაჩვენებელი დაფიქსირდა 2016 წლის კვლევაში, ხოლო 2015 წლის რეიტინგში 27,70 ქულით ქვეყანას 69-ე ადგილი ეკავა.

ქულები გაანგარიშებულია 1-დან 100-მდე შკალაზე. ინდექსის თანახმად, რაც უფრო მეტია ქულა მით უარესია ქვეყანაში მედიის მდგომარეობა.

ანგარიშის მიხედვით, საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.

„ბოლო წლებში განხორციელებულმა რეფორმებმა საქართველოს მედიაგარემო გააუმჯობესა: მედიის მფლობელობის გამჭირვალობა, სატელიტური ტელევიზიების პლურალიზმი და მაუწყებლობის მარეგულირებელ ორგანოში განხორციელებული ცვლილებები“, – ნათქვამია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ მოკლე კომენტარში საქართველოს შესახებ.

ორგანიზაცია უარყოფით მოვლენებსაც შეეხო. „რიგი სკანდალების შემდეგ, საკონსტიტუციო სასამართლომ 2016 წლის აპრილში მიიღო გადაწყვეტილება, რომ სადაზვერვო სტრუქტურების მიერ მოსმენების განხორციელება გარკვეულ შეზღუდვებს დაექვემდებაროს“, – განაცხადა ორგანიზაციამ.

„ძალადობა ჟურნალისტების წინააღმდეგ უფრო იშვიათად ხდება, თუმცა ხშირად ვრცელდება ინფორმაცია მუქარის შესახებ“, – დასძინა ორგანიზაციამ.

მან ასევე განაცხადა, რომ „გარკვეული პროგრესის მიუხედავად, მედიაგარემო კვლავ „ძალიან პოლარიზებულია“, სადაც მედიის მფლობელები ხშირად სარედაქციო პოლიტიკაში ერევიან.

ორგანიზაცია „რუსთავი 2“ საკუთრების დავასაც შეეხო და განაცხადა, რომ „მთავარი სატელევიზიო არხების საკუთრებისთვის მიმდინარე ომი პლურალიზმის მომავლისთვის შეშფოთების წყაროს წარმოადგენს“. „მთავარი ნაციონალური ოპოზიციური ტელეკომპანიის, რუსთავი 2-ის ბედი იქნება აღნიშნულის ტესტი“, – განაცხადა ორგანიზაციამ.

„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ თავის ყოველწლიურ კვლევას სხვადასხვა კრიტერიუმის საფუძველზე ადგენს, რომელთა შორისაა პლურალიზმი, მედიის დამოუკიდებლობა, მედიაგარემო და თვითცენზურა, საკანონმდებლო ბაზა, გამჭირვალობა და სიახლეებისა და ინფორმაციიის მომზადებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ხარისხი.

თვისებრივი ანალიზი შეჯერებულია ჟურნალისტების წინააღმდეგ არასათანადო მოპყრობის და ძალადობის აქტების შესახებ რაოდენობრივ მონაცემებთან, რომელთა შეგროვება ცალკეულ ქვეყნებში კორესპონდენტების ქსელის მიერ ხდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button