ახალი ამბები

პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა სამინისტრო სოხუმში ლავროვის ვიზიტს გმობენ

საქართველოს ოფიციალურმა პირებმა დაგმეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის დაგეგმილი ვიზიტი სეპარატისტულ აფხაზეთში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ვიზიტი 17 აპრილს დააანონსა და განაცხადა, რომ სოხუმში „სამუშაო ვიზიტი“ 18-19 აპრილს გაიმართება, რომლის ფარგლებში სერგეი ლავროვი „აფხაზეთში რუსეთის საელჩოს ახალი კომპლექსის გახსნის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას“ და რეგიონის ხელმძღვანელობასთან გამართავს მოლაპარაკებებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 18 აპრილს განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის „ვიზიტი“ ოკუპირებულ აფხაზეთში და „იქ რუსეთის ფედერაციის უკანონო დიპლომატიური წარმომადგენლობის ახალი შენობის გახსნა უხეშად არღვევს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის პრინციპს და საერთაშორისო სამართლის სხვა ფუნდამენტურ ნორმებს“.

საქართველოს საგარეო უწყებამ დასძინა, რომ აღნიშნული წარმოადგენს „მოსკოვის პროვოკაციული პოლიტიკის გაგრძელებას საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, რაც მიზნად ისახავს ეთნიკური წმენდისა და სამხედრო ოკუპაციის მეშვეობით სუვერენული სახელმწიფოს საზღვრების ძალადობრივი ცვლილების დაკანონებას“.

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ასევე გამოაქვეყნა განცხადება 18 აპრილს, რომლის თანახმადაც ლავროვის ვიზიტი თბილისის თანხმობის გარეშე საქართველოს კანონმდებლობის, ასევე საერთაშორისო სამართლის „უხეშ დარღვევას“ წარმოადგენს.

„უაღრესად შემაშფოთებელია, რომ საქართველოს ხელისუფლების სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკასა და ვითარების სტაბილიზაციისათვის გადადგმულ კონსტრუქციულ ნაბიჯებს რუსეთის ფედერაცია პასუხობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული მორიგი ქმედებებით, რომლებიც უფრო მეტად ძაბავს არსებულ ვითარებას“, – ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

მარგველაშვილმა მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას, „მტკიცედ დაგმოს რუსეთის ფედერაციის ე.წ. “პრივილეგირებული ინტერესების პოლიტიკა” და წინ აღუდგეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მორიგ ხელყოფას“.

„საქართველო კვლავაც გამოხატავს მზადყოფნას ნებისმიერი საკითხის დიპლომატიურ სივრცეში განხილვისათვის და მოუწოდებს რუსეთის მხარეს კონსტრუქციული დიალოგისაკენ“, – აღნიშნულია პრეზიდენტის განცხადებაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button