ახალი ამბები

პოლიტიკურმა პარტიებმა მედიის თავისუფლებას საპროტესტო აქცია მიუძღვნეს


კადრი ნაციონალური მოძრაობის მიერ გამოქვეყნებული ვიდეოდან, სადაც „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერი აქციაა ასახული, 2017 წლის 10 თებერვალი.

ასობით მოქალაქე შეიკრიბა 10 თებერვალს თბილისში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საკუთრების დავის თაობაზე სამართლიანი სასამართლოს მოთხოვნით.  

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებმა „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერი პლაკატებით ხელში უზენაესი სასამართლოს შენობისკენ მსვლელობა მოაწყეს თავისუფალი და გამჭირვალე სასამართლოს მოთხოვნით.

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა 8 თებერვალს, წყაროს დაკონკრეტების გარეშე, რომ პარტიას აქვს ინფორმაცია, რომ უზენაესი სასამართლო თავის გადაწყვეტილებას „რუსთავი 2“-ის საქმეზე 15 თებერვლამდე გამოაცხადებს და რომ ეს გადაწყვეტილება ტელეკომპანიის ამჟამინდელი მფლობელების სასარგებლოდ არ იქნება მიღებული.

მან ასევე განაცხადა, რომ პარტია სასამართლო სისტემაში ხელისუფლების „ჩარევის“ წინააღმდეგ აქციას გამართავს.

„ქვეყნის ხელისუფლება, როდესაც დაუფარავად უკვე კორუფციულ გარიგებაში შედის კონკრეტულ მოსამართლესთან, რათა მან გამოიტანოს გამამტყუნებელი განაჩენი რუსთავი 2-ის წინააღმდეგ … და მეტიც, შეთანხმებულად მოქმედებს, რომ თავისუფალი აზრი და სიტყვა ჩაახშოს… საზოგადოება ასეთ შემთხვევაში იწყებს ამ მანკიერი პრაქტიკის ხმამაღლა გაპროტესტებას მშვიდობიანი მანიფესტაციით“, – მიმართა მელიამ მომიტინგეებს 10 თებერვალს.    

ნაციონალური მოძრაობის კიდევ ერთმა წევრმა გიორგი ბარამიძემ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ ეს არის ბრძოლა „ოლიგარქის წინააღმდეგ, პუტინის გეგმის შემსრულებელი ოლიგარქის წინააღმდეგ“, რომელსაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ჰყავდა მხედველობაში.

პარასკევს აქციას რამდენიმე მცირე ოპოზიციური ჯგუფი შეუერთდა.

„საქართველოს ევროპელი დემოკრატების“ ლიდერმა პაატა დავითაიამ განაცხადა, რომ გაგრძელდება რეგულარული საპროტესტო აქციები „რუსთავი 2“-ის და თავისუფალი სიტყვის დასაცავად.

„მოხერხდა ის, რომ შეიქმნა საკოორდინაციო საბჭო, რომელიც შედგება რვა პოლიტიკური პარტიისგან“, განაცხადა დავითაიამ, რომელსაც მხედველობაში ჰქონდა ოპოზიციური ჯგუფების, მათ შორის ნაციონალური მოძრაობის, შეთანხმება „რუსთავი 2“-ის და საზოგადოებრივი მაუწყებლის მხარდასაჭერად კოორდინირებული მოქმედებების თაობაზე. საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა ცოტა ხნის წინ, რომ საინფორმაციო გამოშვებების გარდა ყველა ტელე და რადიო პროგრამის დახურვას გეგმავს 2018 წლამდე.

ზურაბ ხარატიშვილმა სამოქალაქო ალიანსიდან თავისუფლებისთვის ხაზი გაუსვა, რომ საჭიროა თავისუფალი სიტყვის დაცვა.

„ჩვენ ვხედვათ, რომ არის ზეწოლა რუსთავი 2-ზე, საზოგადოებრივ მაუწყებელზე. ეს ინსტიტუციაც [უზენაესი სასამართლო] ისეთივე ზეწოლის ქვეშ არის, როგორიც მედია და ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველა ძირითადი  ინსტიტუტი და ყველა უფლება და პირველ რიგში  სიტყვის თავისუფლება არის დასაცავი ერთობით… მე ვფიქრობ, რომ ეს არის პირველი ნაბიჯი, რომელსაც შემდგომი მოყვება, სანამ ხელისუფლება არ შეწყვეტს ზეწოლას მედიაზე“, – განაცხადა მან.    

ლეიბორისტული პარტიის 20-ზე მეტმა მხარდამჭერმა უზენაეს სასამართლოსთან „რუსთავი 2“-ის მხარდასაჭერად ცალკე აქცია გამართეს, სადაც აქციის მონაწილეებმა ბიძინა ივანიშვილის ფოტო დაწვეს.

„ჩვენ მივმართავთ ამ სასამართლოს მოსამართლეებს არ დაექვემდებარონ ივანიშვილის ბრძანებებს, არ მიიღონ უკანონო გადაწყვეტილებები. არ ჩაუგდონ ხელში თავისუფალი, ობიექტური ტელევიზია „რუსთავი 2“ ხელში კრიმინალ ოლიგარქს“, – განაცხადა ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელმა გიორგი გუგავამ.


კადრი „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო გადაცემიდან, სადაც ლეიბორისტული პარტიის აქცივისტები ბიძინა ივანიშვილის ფოტოს წვავენ, 2017 წლის 10 თებერვალი.

10 თებერვალს მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველოს წევრებმა, რომლებიც ნაციონალურ მოძრაობას იანვარში გამოეყვნენ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თავისუფალი მედიის მხარდამჭერი ბანერი გამოფინეს.    

ბანერზე „რუსთავი 2“-ის და საზოგადოებრივი მაუწყებლის ლოგოები იყო ასახული წარწერით „არა მედიაზე შტურმს“, თუმცა ქართული ოცნების დეპუტატების წინააღმდეგობის შემდეგ ის აკეცეს.


კადრი „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო გადაცემიდან, სადაც ოპოზიციურ დეპუტატებს „რუსთავი 2“-ის და საზოგადოებრივი მაუწყებლის მხარდამჭერი ბანერი აქვთ გამოფენილი, 2017 წლის 10 თებერვალი.

„რუსთავი 2“-ის ამჟამინდელ მფლობელებს სასამართლო დავა აქვთ ყოფილ მფლობელთან ქიბარ ხალვაშთან, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის იმ წილების დაბრუნებას ითხოვს, რომელთაც ის დაახლოებით ათი წლის წინ ფლობდა. ტელეკომპანიის ამჟამინდელმა მფლობელებმა, რომლებიც აცხადებენ, რომ ხალვაშის განზრახვა ტელეკომპანიის დაბრუნების თაობაზე ხელისუფლების მიერ არის ნაკარნახევი და მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ტელევიზიის გაჩუმებას ისახავს მიზნად, საქმე უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button