skip to content
ახალი ამბები

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმება გაეროს უშიშროების საბჭოში საქართველოს საკითხის წამოწევას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე მიესალმა უკრაინის მიერ გაეროს უშიშროების საბჭოს ფორმატში საქართველოს შესახებ დისკუსიის ინიცირებას.

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო გუშინ უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე საქართველოს საკითხის დაყენება და ის მხარდამჭერი პოზიციები, რომელიც გამოიხატა უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნების მხრიდან. ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციის თემა, რუსეთის ვალდებულებები 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად დგას საერთაშორისო საზოგადოების დღის წესრიგში. მივესალმებით, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს ფარგლებშიც მოხდა მისი განხილვა“, – განუცხადა მიხეილ ჯანელიძემ 7 დეკემბერს ბრიუსელში ჟურნალისტებს.

გაეროში უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა ვოლოდიმირ იელჩენკომ უკრაინულ გამოცემა LB.ua-ს განუცხადა, რომ იმ ფონზე, როცა რუსეთის პრეზიდენტმა 22 ნოემბერს ხელი მოაწერა შეთანხმების რატიფიცირების შესახებ კანონს სეპარატისტულ აფხაზეთში გაერთიანებული სამხედრო დაჯგუფების შექმნის თაობაზე, მან 6 დეკემბერს გაეროს უშიშროების საბჭოზე საქართველოში არსებული ვითარების განხილვის საკითხი დააყენა, რათა დაეგმოთ რუსეთის ქმედებები, რომელიც მიმართულია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსული ჯარების უკანონო განთავსების ლეგიტიმაციისკენ.

უკრაინელი ელჩის განცხადებით, რუსეთმა „დაბლოკა“ მისი წინადადება, რომ უშიშროების საბჭოს დახურული სხდომის შემდეგ პრესისთვის გაკეთებულიყო განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ განიხილეს სიტუაცია საქართველოში და „უშიშროების საბჭოს წევრებმა დაადასტურეს მათი სრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისო დონეზე აღიარებულ საზღვრებში“.

საქართველოს მუდმივმა წარმომადგენლობამ გაეროში მადლობა გადაუხადა უკრაინას, რომელიც უშიშროების საბჭოს წევრია, დახურული კონსულტაციების ფარგლებში საქართველოს საკითხზე დისკუსიის ინიცირებისთვის, რაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, „პარტნიორებთან ქართული მხარის აქტიური მუშაობის“ შედეგია.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინის დელეგაციამ დახურულ შეხვედრაზე „დაგმო რუსეთის ქმედებები და შეაფასა, როგორც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯი“.

„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი განცხადებები ასევე გაკეთდა სხვა პარტნიორი სახელმწიფოების მიერ. უშიშროების საბჭოს 15 წევრიდან არცერთ წევრ სახელმწიფოს, რუსეთის ფედერაციის გარდა, არ გამოუხატავს საწინააღმდეგო პოზიცია“, – ნათქვამია საგარეო უწყების მიერ 7 დეკემბერს გავრცელებულ ინფორმაციაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button