ახალი ამბები

პარლამენტმა ოთხ დეპუტატს უფლებამოსილება შეუწყვიტა

პარლამენტმა 30 ნოემბერს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს, ენერგეტიკის მინისტრს კახა კალაძეს, ეკონომიკის მინისტრს გიორგი გახარიას და ასევე ყოფილ პირველ ლედის სანდრა რულოვსს.

რულოვსმა, რომელიც პარლამენტში ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობის სიით მოხვდა, საკუთარი განცხადებით თქვა უარი სადეპუტატო მანდატზე, ხოლო ქართული ოცნების სიით პარლამენტში გასულ აწ უკვე მთავრობის წევრებს შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების გამო შეუწყდათ უფლებამოსილება.

მათ ადგილებს პარლამენტში სიებში მომდევნო კანდიდატები დაიკავებენ. ქართული ოცნების შემთხვევაში, ისინი სავარაუდოდ იქნებიან: გუგული მაღრაძე, რომელიც წინა ორი მოწვევის პარლამენტის დეპუტატი იყო; ასევე დავით მათიკაშვილი და გიორგი ხატიძე. სანდრა რულოვსს კი პარლამენტში, სავარაუდოდ, გიორგი ღვინიაშვილი შეცვლის, რომელიც წინა პარლამენტის წევრიც იყო.

მსგავსი/Related

Back to top button