ახალი ამბები

ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატი პრიორიტეტებზე საუბრობს

ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ საქართველოს ეკონომიკის სამ მთავარ გამოწვევად სწრაფი ეკონომიკური ზრდა, დასაქმების ტემპების გაუმჯობესება და სავაჭრო დეფიციტის შემცირება დაასახელა, რომლებზეც „პასუხის გაცემა მოგვცემს საშუალებას, რომ ქართული ეკონომიკა გამოწვევების ეკონომიკიდან გახდეს შესაძლებლობების ეკონომიკა“.

გახარიამ, რომელიც ბიზნესსექტორში საქმიანობდა, ვიდრე 2013 წელს საქართველოს ბიზნესომბუდსმენი გახდებოდა, სამომავლო პრიორიტეტებზე  24 ნოემბერს საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ისაუბრა, სადაც მომავალი კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადების ფარგლებში მასთან ერთად ეკონომიკური ბლოკის სხვა მინისტრობის კანდიდატებსაც მოუსმინეს და მხარი დაუჭირეს.
 
„საქართველოს ეკონომიკას საკმაოდ მძიმე პირობებში უწევს განვითარება, ვგულისხმობ იმ საგარეო ფაქტორებს, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა და ჯერ კიდევ დეპუტატმა გახარიამ, რომელსაც მთავრობის დამტკიცების შემდეგ, პარლამენტი სადეპუტატო უფლებამოსილებას შეუწყვეტს.

„თუმცა ჩვენ არ ვართ იმ პოზიციაში, რომ ყველაფერი დავაბრალოთ საგარეო ფაქტორებს და არსებობს გარკვეული შიდა მომენტები, რომელიც აფერხებს ეკონომიკის განვითარებას და ამ გამოწვევებსაც შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეს“, – განაცხადა მან თავის საპროგრამო სიტყვაში.

წელს მთავრობა ეკონომიკის 3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, რომლის მისიაც საქართველოს 15-22 ნოემბერს სტუმრობდა, ეს პროგნოზი 2.7%-მდე შეამცირა. საქსტატის წინასწარი მონაცემებით, პირველ ცხრა თვეში საქართველოს ეკონომიკის საშუალო რეალურმა ზრდამ 2.6% შეადგინა. 

ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატის თქმით, ქვეყანაში ეკონომიკის ზრდის პოტენციალი „ნაწილობრივ არის ამუშავებული“.

ყოფილმა ბიზნეს ომბუდსმენმა განაცხადა, რომ ის მინისტრის რანგში ფოკუსირებას ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებაზე მოახდენს, მათ შორის საკანონმდებლო პროცესში კერძო სექტორის ჩართულობითა და ადმინისტრირების გამარტივების გზით, რაც მისი თქმით, „უნდა იყოს პერმანენტული პროცესი“. 

„პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დაჩქარება და იმ ბიზნეს გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას, არის პრინციპულად მნიშვნელოვანი ჩვენთვის“, – განუცხადა მან დეპუტატებს საკომიტეტო მოსმენაზე. 

მისივე თქმით, ერთ-ერთი ამოცანა იქნება „სერიოზულად ავამუშაოთ“ ის „საექსპორტო პოტენციალი, რომელიც ჩვენ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმებში გვაქვს“, მათ შორის ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის და ჩინეთთან დაგეგმილი თავისუფალი ვაჭრობის ფარგლებში.

ექსპორტის წახალისებასთან ერთად, გახარიამ პრიორიტეტებს შორის ტურიზმის, როგორც „ოთხსეზონიანი ბიზნესის“, ზრდის ხელშეწყობა, ტრანსპორტის განვითარება და იმ სახელმწიფო პროგრამების გაგრძელება დაასახელა, რომლებიც „ხელს უწყობს მეწარმეობის განვითარებას“.

მისივე თქმით, ფინანსური ბაზრის განვითარების კუთხით, ასევე მნიშვნელოვანია დაგროვებითი საპენსიო რეფორმის დაწყება, რომლის განხორციელებაც, მართალია „მარტივი“ არ არის, თუმცა "გადადებაც არის სერიოზულ რისკებთან დაკავშირებული“. 

24 ნოემბერს თბილისის პარლამენტში მინისტრობის 18 კანდიდატის საკომიტეტო ფორმატებში მოსმენა მათი მხარდაჭერით დასრულდა. პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს კაბინეტის წევრებთან ერთად 25 ნოემბერს პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფები მოუსმენენ ქუთაისში, რის შემდეგაც, 26 ნოემბერს დეპუტატები  პლენარულ სხდომაზე მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს გადაწყვეტენ.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button