ახალი ამბები

ქართულ ოცნებას აჭარის პარლამენტის მომავალი სპიკერი ჯერ არ შეურჩევია

ქართულ ოცნებას აჭარის ახლადარჩეული უმაღლესის საბჭოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ჯერ არ შეურჩევია და ამ თემაზე კონსულტაციები, როგორც მმართველ პარტიაში განაცხადეს, ჯერ კიდევ გრძელდება.

ამასობაში, აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ (უსკო) 17 ნოემბერს რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს ოქტომბრის არჩევნების პირველი და მეორე ტურების საბოლოო შედეგები შეაჯამა, რომლის თანახმადაც, ქართულმა ოცნებამ 21-წევრიან საბჭოში უმრავლესობა მოიპოვა და 14 დეპუტატით შედის.

ოთხპარტიულ უმაღლეს საბჭოში ნაციონალურ მოძრაობას 5 დეპუტატი ეყოლება. თუმცა პარტიული სიის პირველმა ნომერმა, აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ ლევან ვარშალომიძემ ხუთშაბათს განაცხადა, რომ ის უარს ამბობს სადეპუტატო მანდატზე. მის ადგილს სიის მეექვსე ნომერი ასმათ დიასამიძე დაიკავებს.

სადეპუტატო მანდატზე  უარი თქვა ასევე პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა დავით თარხან-მოურავმა, რომელმაც აჭარის უმაღლეს საბჭოში მოპოვებული ერთადერთი ადგილი, სიაში მის მომდევნო ნომერს, ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილს დაუთმო, რომელიც ომეგა ჯგუფის დამფუძნებელი და ტელეკომპანია „იბერიის“ მფლობელია. მისი მეუღლე ნატო ჩხეიძე ასევე ხდება საქართველოს პარლამენტის დეპუტატი პატრიოტთა ალიანსის სიით.

ნინო ბურჯანაძის „დემოკრატიულ მოძრაობას“, პატრიოტთა ალიანსის მსგავსად, ასევე ერთი წევრი ეყოლება აჭარის უმაღლეს საბჭოში.

უმაღლესი საბჭოს პირველი შეკრება საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უნდა მოიწვიოს. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ჯერ კონკრეტულ თარიღს არ ასახელებენ და აცხადებენ, რომ სხდომა „კანონმდებლობით დადგენილ ვადებში“ გაიმართება.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის თანახმად, ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს „პირველი სხდომა უნდა გაიმართოს არჩევნების დასრულებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა“. 

პირველი შეკრებიდან 10 დღის ვადაში კი პრეზიდენტმა უმაღლეს საბჭოში არჩეულ სუბიექტებთან კონსულტაციების შედეგად და საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურა უნდა წარუდგინოს რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს დასამტკიცებლად.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button