ახალი ამბები

აჭარის ოთხპარტიულ უმაღლეს საბჭოში პროპორციული მანდატები განაწილდა, მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს დაინიშნა

აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ (უსკო) 8 ოქტომბრის ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოს პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა და უმაღლეს საბჭოში 15 მანდატი ოთხ გამარჯვებულ პარტიაზე გადაანაწილა, ხოლო დანარჩენი 6 დეპუტატის გამოსავლენად მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბრისთვის დანიშნა.

აჭარის 21-წევრიანი უმაღლესი საბჭო, საქართველოს პარლამენტის საარჩევნო სისტემის მსგავსად, შერეული წესით ირჩევა – 15 წევრი პროპორციულად იმ პარტიებიდან, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ, ხოლო 6 მაჟორიტარული სისტემით, რომელშიც პირველივე ტურში გამარჯვებისთვის 50%-იანი ბარიერის დაძლევაა საჭირო.

პროპორციული არჩევნების საბოლოო შედეგების მიხედვით, რომელიც უსკომ 21 ოქტომბერს დაადგინა, მმართველმა პარტიამ ქართულმა ოცნებამ 45.13% ხმების საფუძველზე 8 პროპორციული მანდატი მიიღო; ნაციონალურმა მოძრაობამ, რომელმაც ხმათა 29.62% დააგროვა, 5 მანდატი; ხოლო თითო-თითო მანდატი ერგოთ ნინო ბურჯანაძის დემოკრატიულ მოძრაობას და პატრიოტთა ალიანსს, რომლებმაც, შესაბამისად, ხმების 5.89% და 5.7% დააგროვეს.

შესაბამისად, ქართული ოცნებიდან აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, თუ თავადვე არ იტყვიან მანდატებზე უარს, გახდნენ: ნუგზარ სურმანიძე, რომელიც ასევე იღებს მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას ნაციონალური მოძრაობის კანდიდატთან გია აბულაძესთან ერთად ბათუმის 70-ე ოლქში – პირველი ტურის შედეგებით სურმანიძე 3 738 ხმით უსწრებს აბულაძეს და მეორე ტურში გამარჯვების შემთხვევაში, ის მაჟორიტარის სტატუსით შევა რეგიონის საკანონმდებლო ორგანოში;  ასევე, დავით გაბაიძე; ირაკლი ჭეიშვილი; ცოტნე ანანიძე; დავით თედორაძე;  ვლადიმერ მგალობლიშვილი; უმაღლესი საბჭოს დეპუტატი დავით ბაციკაძე, კონსერვატიული პარტიის წევრი; და ნინო ჩხეტია. 

ნაციონალური მოძრაობის პროპორციული სიის პირველი ხუთეულია: ლევან ვარშალომიძე,  აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაური; უმაღლესი საბჭოს დეპუტატი პეტრე ზამბახიძე; გია აბულაძე;  გიორგი დიასამიძე; და ელგუჯა ბაგრატიონი – ეს უკანასკნელიც ბათუმის 68-ე მაჟორიტარულ ოლქში დაუპირისპირდება მეორე ტურში ქართული ოცნების კანდიდატს, რომელსაც პირველი ტურის შედეგებით 1 843 ხმით ჩამორჩება.

ბურჯანაძის პარტიის სიის პირველი ნომერი გიორგი ცინცქილაძე და პატრიოტთა ალიანსისა და აჭარაში მისი სიის ლიდერი დავით თარხან-მოურავი ასევე ხდებიან უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, თუ თავადვე არ იტყვიან მანდატზე უარს. ასეთ შემთხვევაში სიაში მომდევნო ხდება დეპუტატი. პატრიოტთა ალიანსის სიაში მეორე ნომრად ბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილია შეყვანილი, „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი და ტელეკომპანია „იბერიას“ მფლობელი, რომელიც 1999  წლის მოწვევის საქართველოს პარლამენტში დეპუტატიც იყო აჭარის მაშინდელი ლიდერის ასლან აბაშიძის ბლოკ „აღორძინებიდან“.

30 ოქტომბერს, როცა საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურებიც იმართება აჭარის ყველა ოლქში, ხულო/შუახევი/ქედას გაერთიანებული ერთმანდატიანი ოლქის გარდა (სადაც პირველივე ტურში გაიმარჯვა ქართული ოცნების კანდიდატმა, მოქმედმა პარლამენტარმა ანზორ ბოლქვაძემ), აჭარის 6-ვე ერთმანდატიან ოლქში ასევე შედგება მეორე ტურები აჭარის უმაღლესი საბჭოს გამარჯვებული მაჟორიტარების გამოსავლენად.

ექვსივე ოლქში ერთმანეთს ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის შემდეგი კანდიდატები დაუპირისპირდებიან რეგიონის საკანონმდებლო ორგანოში მაჟორიტარული ადგილების დასაკავებლად(ფრჩხილებში მოცემულია პირველ ტურში მიღებული ხმების პროცენტული მაჩვენებელი):

  • №68 ბათუმი (პორტი, ციხისძირი, ჩაქვი, მახინჯაური) – ვახტანგ წულაძე (41.01%) ქართული ოცნება და ელგუჯა ბაგრატიონი (33.65%) ნაციონალური მოძრაობა;
  • №69 ბათუმი – ილია ვერძაძე (42.96%) ქართული ოცნება და ნინო ჯინჭარაძე (27.04%) ნაციონალური მოძრაობა;
  • №70 ბათუმი (აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია, გონიო, კვარიათი) – ნუგზარ სურმანიძე (43.91%) ქართული ოცნება და გია აბულაძე (29.24%) ნაციონალური მოძრაობა;
  • №71 ქობულეთი – გიორგი რომანაძე (43.38%) ქართული ოცნება და მამული სურმანიძე (26.02%) ნაციონალური მოძრაობა;
  • №72 ხელვაჩაური/ქედის 1 სოფელი – მერაბ კარანაძე (39.96%) ქართული ოცნება და ქენან კახიძე (26.8%) ნაციონალური მოძრაობა;
  • №73 ხულო/შუახევი/ქედა – ხვიჩა შარაშიძე (45.9%) ქართული ოცნება და ნუგზარ  ამაღლობელი (26.49%) ნაციონალური მოძრაობა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button