skip to content
ახალი ამბები

ცესკომ განმეორებითი კენჭისყრის და მეორე ტურების მოსალოდნელი თარიღები დაასახელა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურები დაახლოებით 50 ერთმანდატიან ოლქში, სავარაუდოდ, 30 ოქტომბერს გაიმართება, ხოლო განმეორებითი კენჭისყრა ოთხ უბანზე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებისთვის ხმის მისაცემად 22 ოქტომბერსაა მოსალოდნელი.

ცესკოს ინფორმაციით, სამართლებრივ აქტებს შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ გამოსცემს. მისივე თქმით, მეორე ტურების და განმეორებითი კენჭისყრის შესაძლო თარიღები „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და არჩევნებში ჩართული მხარეების ინფორმირების მიზნით“ განისაზღვრა.

განმეორებითი კენჭისყრა მარნეულის ერთ უბანზე და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სამ უბანზე გაიმართება.

ხმის მიცემის პროცესი 36–ე ოლქის 48–ე უბანზე მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში მას შემდეგ ჩაიშალა, რაც ოპოზიციის მხარდამჭერები საარჩევნო უბანზე შეჭრას შეეცადნენ. ინციდენტთან დაკავშირებით 6 პირი დააკავეს და წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. 

არსებული მონაცემებით, მარნეულში ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი აკმამედ იმამკულიევი (47.91%) ქართული ოცნების კანდიდატს თამაზ ნავერიანს (43.41%) უსწრებს. წინასწარი შედეგებით, იმამკულიევი 907 ხმით იგებს და არჩევნების ბედს 48-ე უბანზე განმეორებითი კენჭისყრა გადაწყვეტს – იქნება იქ პირველივე ტურში გამარჯვებული, თუ მეორე ტურის გამართვა გახდება საჭირო.

განმეორებითი კენჭისყრები ასევე გაიმართება ზუგდიდის 66–ე ოლქის 38–ე, 79–ე და 108–ე უბნებზე.

ამ ოლქში ერთმანეთს უპირისპირდებიან ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი ნაციონალური მოძრაობიდან და ქართული ოცნების კანდიდატი ედიშერ თოლორაია – ეს უკანასკნელი 372 ხმით იგებს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარში მდებარე ორი – 79–ე და 108–ე უბნების შედეგები მას შემდეგ გაბათილდა, რაც დარბევის შედეგად საარჩევნო დოკუმენტაცია განადგურდა. ამ ინციდენტებთან დაკავშირებით ორი პირია დაკავებული – ერთ–ერთ მათგანს, ქართული ოცნების მხარდამჭერს, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button