skip to content
ახალი ამბები

პოლიციამ მარნეულში არჩევნების დღეს მომხდარ ძალადობრივ ინციდენტთან დაკავშირებული 6 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს 13 ოქტომბერს განაცხადა, რომ 6 პირი დააკავა 8 ოქტომბრის არჩევნების დღეს მარნეულში, სოფელ ყიზილაჯლოს 48-ე საარჩევნო უბანზე მომხდარი თავდასხმის გამო.

შსს-მ დაკავებების ამსახველი ვიდეოც გაავრცელა, რომელშიც სპეცდანიშნულების ჯგუფები მონაწილეობდნენ და განაცხადა, რომ დაკავებულებს ბრალი ედებათ საარჩევნო კომისიის მუშაობისთვის ხელის შეშლასა და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული პირები საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტის დროს, განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ. ისინი მოქალაქეებს საარჩევნო უბანში შეჭრისა და საარჩევნო ყუთის გატაცებისკენ მოუწოდებდნენ, ხოლო ადგილზე წესრიგის დაცვის მიზნით მობილიზებულ სამართალდამცველებს ქვები დაუშინეს. დაპირისპირების შედეგად, რამდენიმე სამართალდამცველი, მათ შორის, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე დაშავდა. თავდამსხმელებმა საარჩევნო ყუთის გატაცება ვერ შეძლეს“, – ნათქვამია შსს-ის განცხადებაში.

არჩევნების დღეს 48-ე უბანზე დაძაბულობამ, რომელშიც ათეულობით ადამიანი მონაწილეობდა, კენჭისყრის პროცესი შეაფერხა, რის გამოც, იმისდა მიუხედევად, რომ საარჩევნო ყუთი დარბევას გადაურჩა, საარჩევნო ადმინისტრაციამ ამ უბნის შედეგები ბათილად ცნო.

ცესკოს ინფორმაციით, ამ უბანზე ორი კვირის ვადაში მოსალოდნელია განმეორებითი კენჭისყრის დანიშვნა, ვინაიდან საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატების მიერ მარნეულის 36-ე ერთმანდატიან ოლქში მიღებული ხმების სხვაობა ნაკლებია ამ საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაზე.

ამ ოლქში ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა აკმამედ იმამკულიევმა 47.91% მიიღო, ქართული ოცნების კანდიდატმა თამაზ ნავერიანმა კი 43.41% დააგროვა. პირველივე ტურში გამარჯვებისთვის კანდიდატმა 50%-იანი ბარიერი უნდა გადალახოს. 

ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი აკმამედ იმამკულიევი ყიზილაჯლოს უბანზე არჩევნების დღეს მომხდარი თავდასხმის შემდეგ, მაშინ, როცა კენჭისყრის ვადა ჯერ კიდევ არ იყო ამოწურული, ადგილზე  მივიდა და თქვა, რომ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების აქტივისტები, მათ შორის პაატა ბურჭულაძის საარჩევნო ბლოკიდან, იყვნენ იქ შეკრებილნი და არჩევნების ბათილად ცნობას ითხოვდნენ. როცა მას ერთ-ერთმა ადამიანმა მოუწოდა, რომ დაეწყნარებინა ხალხი, რათა ქვები აღარ ესროლათ იმამკულიევმა უპასუხა: „მე ვარ პასუხისმგებელი ამჟამად, რომ ჩემი მოსვლისთანავე არავინ არავის არ ესვრის“. მოგვიანებით, ინციდენტის ადგილზე სპეცრაზმი მივიდა, იქ შეკრებილები საარჩევნო უბნის ეზოს გარეთ გაიყვანა, რის შემდეგაც ვითარება შედარებით განიმუხტა.

იმამკულიევი მხარდამჭერებთან ერთად 13 ოქტომბერს მარნეულის პოლიციის შენობასთანაც მივიდა  აქტივისტების დაკავებების გასაპროტესტებლად და მათი ადგილსამყოფელის დასადგენად.

შსს-მ ასევე განაცხადა, რომ მარნეულის ძალადობის ინციდენტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში  „სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით, ინტენსიურ ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებს“ აწარმოებს.

ნაციონალურმა მოძრაობამ განაცხადა, რომ ქართული ოცნება „სპეცნაზის და დაშინების საშუალებით ცდილობს მეორე ტურის მოგებას“.

„მეორე ტურის წინ უნდათ, რომ სიტუაცია ძალით გადატეხონ. ჩვენ ვხედავდით კორცხელში და ჯიხაშკარში ქართული ოცნების მხარდამჭერები კამერების წინ ღიად აწყობდნენ დარბევებს, ტერორს, ძალადობას და მათ არავინ მიკარებია, როცა მარნეულში დააკავეს ადამიანები, რომლებიც ფაქტობრივად არაფერ შუაში არ არიან“, – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა  სერგო რატიანმა და „რეპრესიებისა და ტერორის“ შესაჩერებლად კონსოლიდაციისკენ მოუწოდა.

არჩევნების დღეს ზუგდიდის რაიონში სოფელ ჯიხაშკარის ორი უბნის დარბევის ინციდენტთან დაკავშირებით პოლიციამ ორი პირი დააკავა – ჯერ ჯიხაშკარის 79-ე საარჩევნო უბანში მომხდარ ძალადობაში ბრალდებული, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, ქართული ოცნების მხარდამჭერი იყო, ხოლო 12 ოქტომბერს კიდევ ერთი პირი, რომელიც ჯიხაშკარის 108-ე საარჩევნო უბნის დარბევაშია ეჭვმიტანილი. 

ზუგდიდის 66-ე ოლქში შემავალ ორივე ამ უბანზე საარჩევნო ადმინისტრაციამ კენჭისყრის შედეგები ბათილად ცნო; ასევე გაბათილდა განმუხურის 38-ე უბნის შედეგებიც პროცედურული დარღვევების გამო – 66-ე ოლქის სამივე ამ უბანზე, ცესკოს ინფორმაციით, განმეორებითი კენჭისყრაა მოსალოდნელი.

ამ ოლქში მაჟორიტარული არჩევნების პირველ ტურში, წინასწარი შედეგებით,  ქართული ოცნების კანდიდატი ედიშერ თოლორაია ლიდერობს ხმათა 47.37%-ით, ხოლო მეორე ადგილზე ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსია ნაციონალური მოძრაობიდან 45.71%-ით.

როგორც მარნეულში, ისე ზუგდიდის ერთმანდატიან ოლქებში მეორე ტურების დანიშვნის საკითხი, სავარაუდოდ, განმეორებითი კენჭისყრების ჩატარების შემდეგ გაირკვევა.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button