ახალი ამბები

ალასანია პოლიტიკიდან დროებით მიდის და მეორე ტურში მონაწილეობას აღარ მიიღებს

თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ ის დროებით მიდის პოლიტიკიდან.

მან ასევე განაცხადა 10 ოქტომბერს, რომ აღარ გააგრძელებს ბრძოლას მეორე ტურში გორის მაჟორიტარი დეპუტატის მანდატის მოსაპოვებლად.

თავისუფალმა დემოკრატებმა, რომლის ლიდერი ირაკლი ალასანია 2012–2014 წლებში თავდაცვის მინისტრი იყო, ხმების 4.62% მიიღო და ვერ გადალახა პარლამენტში შესასვლელად საჭირო 5%–იანი ბარიერი.

ალასანია გორის ერთმანდატიან ოლქში იყრიდა კენჭს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად, სადაც მან ხმების 19.38% დააგროვა და მეორე ტურში, სავარაუდოდ, ქართული ოცნების კანდიდატს, იოსებ მაკრახიძეს უნდა დაპირისპირებოდა, რომელმაც ხმების 33.69% მიიღო. ალასანიამ მესამე ადგილზე გასულ ირაკლი ოქრუაშვილზე, რომელიც ასევე ყოფილი თავდაცვის მინისტრია, 504 ხმით მეტი მიიღო. 

„ვინაიდან მე ვერ ვხედავ შესაძლობელობას იმის, რომ მე აქტიურად მოვახდინო გავლენა და ჩემმა პარტიამ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და პარლამენტში მიმდინარე პროცესებზე, ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება ვაკეთო ისეთი რამ, რითიც მე შევძლებ გვერდში დავუდგე ჩემს საზოგადოებას“, – განაცხადა მან და მადლობა გადაუხადა მისი პარტიისა და გორელ ამომრჩეველს მხარდაჭერისთვის.

„ამიტომ მე მივიღე გადაწყვეტილება დროებით გავიდე პოლიტიკიდან“, – განაცხადა ალასანიამ და მომავალი საქმიანობის დაკონკრეტების გარეშე დასძინა, რომ იქნება „რიგითი ჯარისკაცი“, რომელიც საერთაშორისო თუ ადგილობრივ  პროცესებში იმ კუთხით მიიღებს მონაწილეობას, რომ „გვერდში ვედგე სახელმწიფოს“.

მან განაცხადა, რომ შედეგები, რასაც არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგები აჩვენებს, არის „მოცემულობა“, თუმცა „ის არჩევანი, რომელიც გააკეთა დღეს საზოგადოებამ, მიუხედევად იმისა, რომ მე დიდ პატივს ვცემ – მე არ მჯერა დღეს ამ არჩევანის“.

10 ოქტომბერს ალასანიას განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე, პარტიის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება „თავისუფალი დემოკრატების“ კიდევ ერთმა ლიდერმა ალექსი პეტრიაშვილმა, რომელიც ასევე დამარცხდა საბურთალოს მე-4 მაჟორიტარულ ოლქში,  თავის facebook-ის გვერდის მეშვებით გაასაჯაროვა, სადაც დაწერა: „ქვეყანაზე ზრუნვას აუცილებლად განვაგრძობ, ოღონდ სხვა რანგში და სხვა დარგში! დღეიდან აღარ ვარ პარტიული და სულ ცოტა ხნით ვიქნები სახლში“.

ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ პარტიის სხვა წევრები თავიანთი სამომავლო საქმიანობის შესახებ გადაწყვეტილებებს ინდივიდუალურ რეჟიმში მიიღებენ.

„პარტია გააგრძელებს აქტიურ მუშაობას იმისათვის, რომ ბევრად უფრო განახლებული, გააზრებული და უკეთესი შემადგენლობით შევხვდეთ ადგილობრივ არჩევნებს“, – განაცხადა მან.

 

 

 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button