skip to content
ახალი ამბები

ცესკომ პირველადი წინასწარი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო

ცესკომ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგები 423 უბნის მონაცემებზე დაყრდნობით, რაც უბნების საერთო რაოდენობის მხოლოდ 11.43%-ს შეადგენს, ღამის  დაახლოებით 1:45 საათზე გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც, ქართულ ოცნებას ხმების 53.42%, ხოლო ნაციონალურ მოძრაობას 24.69% აქვს.

შემდეგ მოდიან, პატრიოტთა ალიანსი 4.66%-ით; პაატა ბურჭულაძის „სახელმწიფო ხალხისთვის“ – 4.24%; თავისუფალი დემოკრატები – 3.21%; ნინო ბურჯანაძის დემოკრატიული მოძრაობა  – 2.96%; ლეიბორისტული პარტია – 2.79%; რესპუბლიკური პარტია 1.33%. ყველა დანარჩენ საარჩევნო სუბიექტს 1%-ზე ნაკლები ხმები აქვთ.

ამ მონაცემების გამოქვეყნებამდე რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ პრეტენზიები გამოთქვა იმის გამო, რომ მათი შეფასებით, ცესკო იგვიანებდა მონაცემების გამოქვეყნების დაწყებას. ამის გასაპროტესტებლად ნაციონალურმა მოძრაობამ მხარდამჭერებს ცესკოს შენობასთან გამაფრთხილებელი აქციის მოწყობისკენაც მოუწოდა.

ეს პირველი შედეგები, ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას განცხადებით, მართლია შესაძლოა გარკვეულწილად შეიცვალოს ეტაპობრივად ოქმების დამატების შედეგად, თუმცა ისინი „მისცემენ საზოგადოებას და საარჩევნო ადმინისტრციას იმის საშუალებას, რომ მშვიდ გარემოში, ისევე როგორც მთლიანობაში წარიმართა მშვიდად, ასე მშვიდად დასრულდეს არჩევნები, გარდა იმ ერთეული გამონაკლისებისა, რომელსაც, რა თქმა უნდა, თავისი სამართლებრივი შედეგები ექნება“.

მას მხედველობაში  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 79-ე და 108-ე უბნებზე მომხდარი ინციდენტები ჰქონდა, რომლის დროსაც, მისი ინფორმაციით, ნასვამი პირები შევარდნენ და დაარბიეს უბნები, რის შედეგადაც  ხმის დათვლის პროცესი ჩაიშალა. 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, რომლის დამკვირვებელიც ჯიხაშკარში 108-ე უბანზე იმყოფებოდა, განაცხადა "ხმის დათვლისა და კენჭიყრის შედეგების შეჯამების დროს დახლოებით 23 საათისთვის ადგილი ჰქონდა დაუდგენელი პირების შეჭრას ზუგდიდის #108 უბანზე (სოფელი ჯიხაშკარი). აღნიშნულმა პირებმა ქვები ესროლეს და ჩალეწეს საარჩევნო უბნის ფანჯრები, ძალის გამოყენებით შეაღწიეს უბანზე, მიმოფანტეს საარჩევნო ბიულეტენები და დალეწეს საარჩევნო ინვენტარი.  უბანზე იმყოფებოდა 1 პოლიციელი, რომელმაც ბუნებრივია ვერ განახორციელა სათანადო რეაგირება და დამატებითი საპოლიციო ძალები მხოლოდ მოგვიანებით იყვნენ მობილიზებული უბანზე". 

საიას დამკვირვებლის ინფორმაციით, "ნაცემია და ფიზიკური დაზიანებები აქვს მიღებული საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის – ნორვეგიის ჰელსინკის კავშირის 2 წარმომადგენელს, რომლებიც ცდილობდნენ ტელეფონით გადაეღოთ აღნიშნული ინციდენტი. საფრთხე შეექმნა საიას დამკვირვებელსაც, რომელმაც ფანჯრის მეშვეობით დატოვა უბანი".

ნაციონალურმა მოძრაობამ მომხდარში ქართული ოცნება დაადანაშაულა, მმართველმა პარტიამ კი სამართლდამცავ ორგანოებს ინციდენტებზე რეაგირებისკენ მოუწოდა.

„უმკაცრესად უნდა დაისაჯონ დამნაშავეები, რომელი პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერებიც არ უნდა იყვნენ ისინი“, – განაცხადა ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, რომელმაც დაგმო ინციდენტი.  

მსგავსი/Related

Back to top button