ახალი ამბები

თბილისი კიევთან პროტესტს გამოთქვამს საქართველოს საარჩევნო პროცესებში სააკაშვილის ‘ჩარევის’ გამო

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში თბილისში უკრაინის საელჩოს დიპლომატი დაიბარეს პროტესტის გამოსახატად „საქართველოს შიდაპოლიტიკურ პროცესებში ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიხეილ სააკაშვილის ჩარევისა“ და „მის მიერ წინასაარჩევნო გარემოს დაძაბვის“ გამო.

საქართველოს პრეზიდენტის დავალებით, მისმა საგარეო ურთიერთობათა მდივანმა თენგიზ ფხალაძემ ეს პოზიცია უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულს გიორგი ნაზაროვს 6 ოქტომბერს გამართულ შეხვედრაზე გადასცა.

ფხალაძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა: „მიუღებელია უცხო სახელმწიფოს ოფიციალური თანამდებობის პირის ჩარევა ქართულ პოლიტიკაში და მის მიერ წინასაარჩევნო გარემოს დაძაბვა“.

სააკაშვილი, რომელიც ოპოზიციურ ნაციონალურ მოძრაობას მანამ თავმჯდომარეობდა, სანამ საქართველოს მოქალაქეობას დაკარგავდა 2015 წლის დეკემბერში, მის მიერ დაფუძნებული პარტიის სასარგებლოდ აგიტაციას ეწევა კამპანიის ფარგლებში შეხვედრებზე ვიდეო ჩართვების გზით, რაც ზოგიერთმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ კანონდარღვევად შეაფასა, ვინაიდან ქართული კანონმდებლობა კრძალავს უცხო ქვეყნის მოქალაქის საარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობას. 

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა არაერთხელ მოუწოდა მის წინამორბედს, რომელიც აღარ არის საქართველო მოქალაქე და უკრაინის ოფიციალური პირია, თავი შეიკავოს საქართველოს საარჩევნო პროცესებში ჩარევისგან.

როცა ამის შესახებ სააკაშვილს Facebook-ზე ინტერვიუს დროს კითხეს, მან უპასუხა, რომ ის თანამედროვე ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელია. მან ასევე განაცხადა, რომ პრეზიდენტმა მარგველაშვილმა საქართველოს მოქალაქეობა „უკანონოდ“ შეუწყვიტა.

სააკაშვილი, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მიერ ოფიციალურ ძებნაშია, რამდენიმე საქმეზეა ბრალდებული, რასაც თავად ბრალდების ადრესატი უარყოფს, როგორც პოლიტიკურად მოტივირებულს.

სააკაშვილს 2014 წლის ივლისის ბოლოს სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალი წარედგინა საქმეზე, რომელიც ეხება მისი პრეზიდენტობის დროს 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივ დარბევას, ტელეკომპანია იმედში შეჭრას და მის „ხელში ჩაგდებას“.  სასამართლომ ამ ბრალდებებთან დაკავშირებით 2014 წლის 2 აგვისტოს მას დაუსწრებლად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

2014 წლის 5 აგვისტოს პროკურატურამ ექს–პრეზიდენტს ახალი ბრალდებები წაუყენა 2005 წელს მაშინდელ ოპოზიციურ დეპუტატზე, ვალერი გელაშვილზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით.

ასევე 2014 წლის აგვისტოში საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სააკაშვილს 2009 წლის სექტემბრიდან 2013 წლის თებერვლამდე პერიოდში 8.83 მილიონი ლარის საბიუჯეტო თანხების გაფლანგვასთან დაკავშირებით დასდო ბრალი.

2014 წლის ნოემბერში სააკაშვილს პროკურატურამ სანდრო გირგვლიანის საქმეზე სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში წაუყენა ბრალი სხვა იმ ყოფილი მაღალჩინოსნების მსგავსად, რომლებიც 2006 წელს მომხდარ ამ გახმაურებულ საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას უშლიდნენ ხელს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button