ახალი ამბები

კვირიკაშვილი: არჩევნების შემდეგ ქორწინების თაობაზე საკონსტიტუციო ცვლილებას ‘აუცილებლად განვახორციელებთ’

პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა 24 აგვისტოს, რომ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პარტია ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო „აუცილებლად“ განახორციელებს საკონსტიტუციო ცვლილებას რომელიც ქორწინების როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობის განსასაზღვრას ეხება.

პრემიერ–მინისტრმა ეს განცხადება 24 აგვისტოს მთავრობის სხდომაზე გააკეთა, როდესაც ის პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებაზე პრემიერის კონტრასიგნაციის საკითხს შეეხო. პრეზიდენტმა ქორწინების განსაზღვრის თაობაზე რეფერენდუმის დანიშვნაზე უარი თქვა.

პრემიერ–მინისტრმა კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ მართალია ის არ ეთანხმება პრეზიდენტის მიერ ამ უარის დასასაბუთებლად მოყვანილ ერთ–ერთ არგუმენტს, ის განკარგულებას კონტრასიგნაციას გაუკეთებს, ვინაიდან ამ საკითხზე რეფერენდუმის გამართვა ნებისმიერ შემთხვევაში შეუძლებელი იქნებოდა კანონმდებლობაში არსებული „ხარვეზის“ გამო.

კანონი ავალდებულებს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას, რომ რეფერენდუმის შედეგი ერთი თვის ვადაში აღასრულონ, ხოლო საკონსტიტუციო ცვლილების პროცესს სამ თვეზე მეტი დრო სჭირდება.

9 აგვისტოს რეფერენდუმის დაბლოკვის შესახებ გადაწყვეტილების გამოცხადებისას პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ამის ერთ-ერთ მიზეზად, სხვა არგუმენტებთან ერთად, საქართველოს კანონმდებლობა დაასახელა, რომლის თანახმადაც შესასრულებლად სავალდებულო რეფერენდუმი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უნდა გაიმართოს.

„ალბათ, ნამდვილად სადავოა ის არგუმენტი, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის გამო რეფერენდუმი არ შეიძლება ჩატარდეს; ჩვენი აზრით, ეს ასე არ არის“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, მთლიანად ვიზიარებთ რეფერენდუმის ინიციატორთა სურვილს, რომ სამოქალაქო კოდექსში არსებული ჩანაწერი, რომ სამოქალაქო ქორწინება გახლავთ ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით, ეს ჩანაწერი აისახოს საქართველოს კონსტიტუციაში; სწორედ ჩვენი პოლიტიკური ძალა გახლდათ ამ საკონსტიტუციო ცვლილების ინიციატორი“, – განაცხადა მან.

მაისის ბოლოს პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა პარტია ქართული ოცნების მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი, რომელის თანახმადაც ქორწინების განსაზღვრა კონსტიტუციაში უნდა ჩაიწეროს როგორც ქალის და მამაკაცის ერთობა.

თუმცა, კანონპროექტი კვორუმის არ არსებობის გამო კენჭისყრაზე არ დამდგარა.

“როგორც კი დამთავრდება არჩევნები, ჩვენ აუცილებლად ამ საკონსტიტუციო ცვლილებას განვახორციელებთ და ეს ჩანაწერი აისახება საქართველოს კონსტიტუციაში“, – განაცხადა მან. „სამწუხაროდ, არსებულ პარლამენტში სხვადასხვა პოლიტიკური ძალების ბოიკოტისა თუ სხვადასხვა მიზეზების გამო ამ ცვლილების ბოლომდე მიყვანა ვერ მოხერხდა. ამიტომ, დიდი იმედი გვაქვს, რომ როგორც კი დამთავრდება არჩევნები, ჩვენ ამ ცვლილებას გავატარებთ და ავსახავთ საქართველოს კონსტიტუციაში“.

ნებისმიერი საკონსტიტუციო ცვლილების მიღებას 150–წევრიანი პარლამენტში სულ ცოტა 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

„საერთოდ მინდა ვთქვა, რომ ის სპეკულაციები, რომ დასავლეთი არის ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება და ასე შემდეგ, არის წმინდა წყლის სპეკულაციები. ქართული ოცნება არის სწორედ ის პოლიტიკური ძალა, რომელშიც ყველაზე მეტად არის შერწყმული დასავლური ფასეულობები და ჩვენი ქვეყნის ტრადიციული ფასეულობები და ევროპას სწორედ ასეთი ვუნდივართ და სწორედ ასეთი საქართველო არის ძვირფასი და ღირებული ევროპისთვის, რომელიც პატივს სცემს ტრადიციულ ფასეულობებს. ამიტომ, ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ საკონსტიტუციო ცვლილებას არჩევნების მერე აუცილებლად განვახორციელებთ“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

24 აგვისტოს მთავრობის სხდომის შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა, რომ ქორწინების განსაზღვრის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების მიღება დაეხმარება ქვეყანას, რომ ანტი–დასავლურ პროპაგანდას დაუპირისპირდეს, რომელიც მცდარ ნარატივს ეფუძნება, თითქოს დასავლეთი ცდილობს საქართველოს ერთნაირი სქესის მქონე პირთა შორის ქორწინება თავს მოახვიოს.

საინიციატივო ჯგუფის წევრებს შორის, რომელიც ამ საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვდა, ასევე იყო სანდრო ბრეგაძე, რომელიც 2016 წლის თებერვლამდე დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე იყო; უფლებადამცავი ჯგუფები თანამდებობიდან მის გაშვებას ჰომოფობიური განცხადებების გამო ითხოვდნენ.

ჯგუფის მიერ შემოთავაზებული რეფერენდუმის კითხვა იყო: „თანახმა ხართ თუ არა, რომ სამოქალაქო ქორწინება განისაზღვროს, როგორც ოჯახის შექმნის მიზნით კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის?“ შეკითხვა არ აკონკრეტებდა როგორ უნდა გასაზღვრულიყო შემდგომში ეს საკითხი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ისედაც ადგენს ქორწინებას, როგორც „ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობით კავშირს“.

მსგავსი/Related

Back to top button