skip to content
ახალი ამბები

გაზსადენზე სავარაუდო ‘ტერორისტული აქტის’ საქმეზე შვიდ პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ორშაბათს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა იმ  შვიდ პირს, რომლებიც 20 აგვისტოს, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი გაზსადენზე „ტერორისტული აქტის“ საქმეზე დააკავეს.

ოთხ პირს ბრალად ედება ტერორისტული აქტის მომზადება; ერთ პირს დახმარების აღმოჩენა ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ფეთქებადი ნივთიერების შეძენა–შენახვაში; კიდევ ერთ პირს – დანაშაულის შეუტყობინებლობა; ხოლო მეშვიდე პირს, რომელიც ფოთის საპატრულო პოლიციის თანამშრომელია, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება.

ერთის გარდა ყველა დაკავებული ბრალდებებს უარყოფს. ადვოკატმა მაია ჭრელაშვილმა, რომელიც ბექა ბექაურს იცავს, განაცხადა რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ ცნობს. ტერორისტული აქტის მომზადების გარდა, ბექაურს ასევე ედება ბრალი ტერორისტული მიზნით ცეცხლსასროლი იარაღის და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებაში.

აღმკვეთი ღონისძიების თაობაზე ორშაბათს გამართულ სასამართლო სხდომას ბექაური არ დასწრებია – ის საავადმყოფოში გადის მკურნალობას რადგან, როგორც მისმა ადვოკატმა განაცხადა, დაკავების დროს მან სხეულის დაზიანებები მიიღო, მათ შორის თავის არეში. ჭრელაშვილმა ასევე განაცხადა, რომ დაკავებისას სპეცდანიშნულების რაზმის წევრმა მას იარაღის კონდახი ჩაარტყა თავში.  ბექაურის ნათესავები ეჭვობენ, რომ ის სცემეს და აღიარებითი ჩვენებაც ზეწოლის ქვეშ მისცა – თუმცა როგორც ადვოკატმა განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ამას უარყოფს.

23 აგვისტოს საავადმყოფოში ბექაურის მონახულების შემდეგ ჭრელაშვილმა განაცხადა, რომ ბექაურის თქმით მისი განზრახვა იყო „რუსი აგრესორების“ წინააღმდეგ ემოქმედა და სურდა იმ გაზსადენის აფეთქება, რომლითაც რუსული გაზის ტრანსპორტირება ხდება. ჭრელაშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი აცხადებს, რომ ის საზღვარგარეთ არავისთან კავშირში არ იმყოფებოდა.

პროკურორმა გიორგი დავითაშვილმა უთხრა ჟურნალისტებს 22 აგვისტოს მას შემდეგ, რაც სავარაუდო დანაშაულის მოტივებსა და შესაძლო ორგანიზატორების შესახებ ჰკითხეს: „ამ ეტაპზე, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვერ ვიტყვი იმას, უცნობია თუ ნაცნობია დამკვეთი“.

ორშაბათს გამართულ სასამართლო მოსმენაზე წინასწარი პატიმრობის შეფარდების თაობაზე პროკურატურის შუამდგომლობა იქნა განხილული. საქმის არსებითი განხილვა ჯერ არ დაწყებულა. სანამ სასამართლო საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე გადავა, 10 ოქტომბერს წინასასამართლო სხდომა გაიმართება, სადაც მოსამართლემ მხარეთა მტკიცებულებების დასაშვებობაზე უნდა იმსჯელოს.

მსგავსი/Related

Back to top button