skip to content
ახალი ამბები

უსაფრთხოების სამსახური გაზსადენზე ‘ტერორისტული აქტის’ აღკვეთის შესახებ იტყობინება

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 20 აგვისტოს განაცხადა, რომ მან რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი გაზსადენი მილის ღია მონაკვეთზე ტერორისტული აქტი აღკვეთა.

უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა რომ „რამდენიმეთვიანი“ მუშაობის შედეგად კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა 20 აგვისტოს საქართველოს ხუთი მოქალაქე დააკავა, რომლებიც  სოფელ საგურამოს მიმდებარე ტერიტორიაზე, გაზსადენი მილის ღია მონაკვეთის აფეთქებას ამზადებდნენ.

მათ ბრალად ედებათ „ტერორისტული აქტის ჯგუფურად მომზადებისათვის და ტერორისტული მიზნით ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ფეთქებადი ნივთიერებების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა“. 

უსაფრთხოების სამსახურის ცნობით ხუთი პირი მას შემდეგ დააკავეს, რაც მათ ჟინვალი-შატილის საავტომობილო გზის მახლობლად ტყის მასივში არსებული იარაღის სამალავიდან 4 ცალი 200 გრამიანი ტროტილის კოჭა და სხვა ასაფეთქებელი მოწყობილობები ამოიღეს და ავტომანქანაში მოათავსეს. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულია კიდევ ორი პირი – ერთ–ერთი მათგანი, საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, ხოლო მეორე პირი – დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით.
 
უსაფრთხოების სამსახურში 20 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე, ერთ–ერთმა ჟურნალისტმა იკითხა ჰქონდათ, თუ არა დაკავებულ პირებს რაიმე კავშირი უკრაინასთან – ჟურნალისტმა განაცხადა, რომ მისი ეს კითხვა იმ პოსტიდან გამომდინარეობდა, რომელიც უკრაინაში ერთ–ერთმა ქართველმა მებრძოლმა სოციალურ ქსელში გაავრცელა და რომლის თანახმადაც, საქართველოში მათი მხარდამჭერები დააკავეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელმა სავლე მოთიაშვილმა უპასუხა: „გამოძიების ინფორმაციით, ერთ–ერთი დაკავებული ხშირად ჩადიოდა უკრაინაში, თუმცა ეს დანაშაულებრივი ჯგუფი იმართებლოდა თუ არა ამ ქვეყნიდან, ჯერჯერობით დაუდგენელია“.

მიმდინარე გამოძიების დეტალებზე საუბრისგან მან თავი შეიკავა.

პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ „დიდი უბედურება იქნა თავიდან აცილებული“, თუმცა დეტალებზე საუბრისგან მანაც თავი შეიკავა.

„მე ვფიქრობ, რომ ძალიან ეფექტურად იმუშავა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გამოვუცხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ ოპერაციაში მონაწილეობდა, ვინაიდან დიდი უბედურება იქნა თავიდან აცილებული. ვინაიდან ჯერჯერობით არის გამოძიების პროცესი, ამ ეტაპზე შემდგომი კომენტარებისგან თავს შევიკავებ. ერთი შეიძლება ითქვას, რომ ცხადია, რომ ძალიან დიდი საფრთხე იქნა თავიდან აცილებული“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა კვირიკაშვილმა, რომელიც 22 აგვისტოს წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში სამცხე–ჯავახეთს სტუმრობდა.

ზოგიერთმა ანალიტიკოსმა ივარაუდა, რომ უკრაინაზე მინიშნება, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა ახსენა, შესაძლოა იყოს მცდელობა, რომ საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას არაპირდაპირ მოხდეს თითის გაშვერა ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისკენ, რომელიც ამჟამად ოდესის რეგიონის გუბერნატორია.

ზოგიერთმა ოპოზიციურმა პოლიტიკოსმა ასევე გააკრიტიკა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკრაინაზე ბუნდოვანი მინიშნების გამო.   

„ის რაც აქ წერია ნიშნავს რომ ეჭვი აქვს სუს-ს საქართველოში ტერაქტს უკრაინად გვიწყობდნენო. და იქნებ დაფიქრდეთ ხოლმე სანამ განცხადებას გააკეთებთ. ნაცმოძრაობაზე და მიშაზე თუ გაქვთ ეჭვი, მიშა აწყობდა თუ არა ამას ვარკვევთ [თქვით], და არა უკრაინა“, – წერს თავის Facebook–ის გვერდზე ყოფილი თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი, რომლის რესპუბლიკური პარტია მმართველი პარტიის ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველო პარტნიორი იყო კოალიციურ მთავრობაში ივლისის ბოლომდე.

სავარაუდო „ტერორისტულ აქტზე“ საუბრისას პარტია ქართული ოცნების დეპუტატმა ირაკლი სესიაშვილმა ასევე ახსენა, რომ ერთ–ერთი დაკავებული ხშირად სტუმრობდა უკრაინას, თუმცა იქვე დასძინა, რომ ის არავისკენ იშვერს ხელს.

„როგორც ჩვენ პირველადი ინფორმაცია გავიგეთ, ამ ტერორისტულ დაჯგუფებას კავშირი არ ჰქონდა არც ისლამისტურ სახელმწიფოსთან და არც სხვა სავარაუდო ტერორისტულ ორგანიზაციებთან. ამიტომ, გამოძიებას მოუწევს მნიშვნელოვანი ინფორმაციის დამატებით მოძიება, მათ შორის იყო საუბარი, რომ ერთ–ერთ ტერორისტს კავშირი ჰქონდა უკრაინასთან და ხშირად მიდი–მოდიოდა. ესეც მნიშვნელოვანი ინფორმაციაა. მე მაქსიმალურად ვინარჩუნებ ჩემ პოლიტიკურ კორექტურობას და არავისკენ ნამდვილად ხელს არ ვიშვერ“, – განაცხადა სესიაშვილმა, რომელიც მოქმედი პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button