skip to content
ახალი ამბები

პარტია ქართულმა ოცნებამ ხობში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ჩაანაცვლა

პარტია ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ ხობის ერთმანდატიან ოლქში თავისი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, დეპუტატი გოდერძი ბუკია ირაკლი ბერაიათი ჩაანაცვლა.

გოდერძი ბუკიამ კანდიდატად დასახელებიდან დაახლოებით ერთ თვეში არჩევნებში მონაწილეობა გადაიფიქრა. ბუკია მოქმედ პარლამენტში ხობის მაჟორიტარი დეპუტატია. იგი 2012 წელს აირჩიეს როგორც ნაციონალური მოძრაობის წევრი. თუმცა, მოგვიანებით მან პარტია დატოვა, როდესაც ეს უკანასკნელი ოთხი წლის წინანდელ არჩევნებში დამარცხდა.

პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, რომელიც პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარეა, განაცხადა კვირას, რომ ბუკია ბიზნეს საქმიანობის გაგრძელებას გეგმავს და მას რამდენიმე საინვესტიციო პროექტი აქვს საპარტნიორო ფონდის შესაძლო მონაწილეობით; მან ასევე განაცხადა, რომ ბუკიამ გადაწყვიტა აღარ იყაროს კენჭი არჩევნებში, რათა თავიდან აიცილოს შესაძლო ინტერესთა კონფლიქტი.

ქართული ოცნების ახალი კანდიდატი ხობში, ირაკლი ბერაია ყოფილი პრემიერ–მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ბანკი ქართუს მენეჯმენტის წევრი იყო ბოლო ათი წლის მანძილზე. ბოლოს ის  ბანკი ქართუს  ცენტრალური ადმინისტრაციული დეპარტამენტის დირექტორად მუშაობდა. პარტია ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კიდევ ორი კანდიდატი, რომელთა წინა საქმიანობა ასევე იყო დაკავშირებული ბანკ ქართუსთან, არის გურამ მაჭარაშვილი, რომელიც ლაგოდეხის ერთმანდატიან ოლქში იყრის კენჭს, და გრიგოლ ლილუაშვილი, რომელიც იმერეთის რეგიონის  ვანის და ხონის ერთმანდატიან ოლქში იყრის კენჭს.

ხობის ერთმანდატიან ოლქში ასევე იყრიან კენჭს ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმზღვანელი, მამუკა ჭოხონელიძე და ორი დამოუკიდებელი კანდიდატი.

საქართველოში შერეული საარჩევნო სისტემა მოქმედებს, რომლის ფარგლებშიც 150-წევრიან პარლამენტში 73 მაჟორიტარი ერთმანდატიან ოლქებში აირჩევა 50%-იანი ბარიერით. თუ ერთმანდატიანი ოლქის ელექტორატის ნახევარზე მეტის მხარდაჭერას ვერ მიიღებს, მაჟორიტარ დეპუტატს მეორე ტური გამოავლენს ორ საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატს შორის.

პარლამენტის დანარჩენი 77 დეპუტატი პროპორციული წესით ირჩევა იმ პარტიებიდან, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით 5%-იან ბარიერს დაძლევენ.

მსგავსი/Related

Back to top button