skip to content
ახალი ამბები

საზოგადოებრივი პროტესტის ფონზე ბედუკაძე-ხაჩიშვილის პრორუსული პარტია შესაძლოა არჩევნებიდან მოიხსნას

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი სკანდალში გაეხვა მას შემდეგ, რაც პირველმა არხმა გაუშვა პოლიტიკური პარტია „ცენტრისტების“ საარჩევნო რეკლამა, რომელშიც ის „რუსულ პენსიებს“ და რუსული სამხედრო ბაზების დაკანონებას პირდება საქართველოში – ამ დაპირების გამო მოსალოდნელია მის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა საკონსტიტუციო სასამართლოში, რასაც შესაძლოა ამ პარტიის არჩევნებიდან მოხსნა მოყვეს.

საარჩევნო რეკლამამ საზოგადოებრივი პროტესტი გამოიწვია, რაც ძირითადად სოციალურ ქსელებში გამოიხატა მათ შორის, საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ, რომელიც კრიტიკის სამიზნე იმის გამო გახდა, რომ გაუშვა იმ პარტიის რეკლამა, რომელიც ღიად მოუწოდებს რუსეთის სამხედრო ბაზების საქართველოში ყოფნის დაკანონებისკენ.

შექმნილმა ვითარებამ აიძულა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომ შეეწყვიტა ამ რეკლამის გაშვება.

საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მისი თავდაპირველი გადაწყვეტილება „ცენტრისტების“ რეკლამის განთავსების თაობაზე საქართველოს საარჩევნო კოდექსის იმ მოთხოვნით ახსნა, რომელიც მას ავალდებულებს, რომ უფასო საეთერო დრო გამოუყოს პოლიტიკურ პარტიებს წინასაარჩევნო პერიოდში.

თუმცა საზოგადობრივმა მაუწყებელმა ასევე განაცხადა 14 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში: „საზოგადოებრივი მაუწყებელი არის რა საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული ორგანიზაცია, ხელმძღვანელობის და თანამშრომელთა ერთობლივი გადაწყვეტილებით, აჩერებს პოლიტიკური გაერთიანების „ცენტრისტები“ წინასაარჩევნო რეკლამას, რადგან მაუწყებელი ხედავს საფრთხეს, რომ აღნიშნული პოლიტიკური რეკლამის შინაარსი შეიცავს სახელმწიფოს სუვერენიტეტის საწინააღმდეგო გზავნილებს და შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციას“.

პარტია „ცენტრისტების“ ლიდერები თემურ ხაჩიშვილი და ლადო ბედუკაძე არიან.

ხაჩიშვილი 1992-93 წლებში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. ის ერთ-ერთი ლიდერი იყო შეიარაღებული დაჯგუფება „მხედრიონის“, რომელიც 1995 წელს საქართველოს იმჟამინდელ ლიდერზე, ედუარდ შევარდნაძეზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ დაშალეს. ხაჩიშვილი 1995 წელსვე ამ ტერაქტის ორგანიზების გამო გაასამართლეს; თუმცა ის ციხიდან 2002 წლის ივლისში მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც პრეზიდენტმა შევარდნაძემ შეიწყალა.

გათავისუფლებიდან რამდენიმე თვის თავზე ხაჩიშვილმა პრორუსული პარტია „დათვი“ დააფუძნა, რომელმაც რაიმე მნიშვნელოვანი როლი ვერ შეასრულა ქვეყნის პოლიტიკურ სცენაზე. „ვარდების რევოლუციის“ შედეგად ხელისუფლების შეცვლიდან რამდენიმე თვეში, 2004 წლის გაზაფხულზე ხაჩიშვილი ცოტა ხნით დააკავეს იარაღის უკანონო ფლობასთან დაკავშირებული ბრალდებით, რის შემდეგაც მან ქვეყანა დატოვა და რუსეთში წავიდა.

ხაჩიშვილის გვარი ხელახლა 2011 წელს გაისმა, როცა ხელისუფლების საწინააღმდეგო საპროტესტო გამოსვლების ფონზე სავარაუდო შეიარაღებული ჯგუფი აიყვანეს; მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებდა, რომ ეს დაჯგუფება ხაჩიშვილის მითითებებით მოქმედებდა. ხაჩიშვილი საქართველოში 2012 წლის ბოლოს მას შემდეგ დაბრუნდა რუსეთიდან, რაც ხელისუფლებაში კოალიცია ქართული ოცნება მოვიდა.

„ცენტრისტების“ მეორე ლიდერი არის ლადო ბედუკაძე, ციხის ყოფილი თანამშრომელი, რომლის საქმეც 2013 წელს სასამართლოში იხილებოდა ციხის იმ სკანდალურ კადრებთან დაკავშირებით, რომლებიც პენიტენციალურ დაწესებულებაში პატიმრების არაადამიანურ მოპყრობას ასახავდა და რაც 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე გავრცელდა. თუმცა ამავე საქმის სხვა ფიგურანტებისგან განსხვავებით, ბედუკაძემ, რომელმაც ზოგიერთი ეს ვიდეო თავად ჩაწერა, მოახერხა სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავის დაძვრენა მას შემდეგ, რაც მაშინდელმა მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა მასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა.

10-წამიან საარჩევნო რეკლამაში, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელზე პირველად 13 აგვისტოს საღამოს გავიდა, ხაჩიშვილისა და ბედუკაძის ხმა მონაცვლეობით ამბობს: „რუსული პენსია ყველა პენსიონერს – 400 ლარი; მივიღებთ ორმაგი მოქალაქეობის კანონს; დავაკანონებთ რუსულ სამხედრო ბაზებს; ჩვენ დავიცავთ საქართველოს“.

რეკლამას თან გასდევს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ფოტო; ასევე ერთად გამოსახული საქართველოსა და რუსეთის პასპორტები და რუსული საბრძოლო ტანკების გამოსახულება, რომლებზეც რუსული სახელმწიფო დროშებია აღმართული.

ამ რეკლამის, როგორც საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართული აქტის დაგმობასთან ერთად, ოპოზიციურმა ნაციონალურმა მოძრაობამ ასევე დაადანაშაულა ხელისუფლება და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პრორუსული ძალების მხარდაჭერაში.

„ამ ყველაფერზე პირდაპირი პასუხისმგებლობა აკისრია მთავრობას და პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც სრული ფინანსური, პოლიტიკური მხარდაჭერით შესაძლებელი გახადა, რომ საქართველოში პოლიტიკურ ლიდერებად გვევლინებიან ადამიანები, რომლებიც უარყოფენ საქართველოს სახელმწიფოს, საქართველოს სუვერენიტეტს“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ, მოახლოებულ არჩევნებზე ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა წამყვანმა დეპუტატობის კანდიდატმა.  

„ცენტრისტების“ სარეკლამო კამპანიის საწინააღმდეგო საზოგადოებრივი პროტესტის ფონზე, მმართველმა პარტიამ ქართულმა ოცნებამ-დემოკრატიულმა საქართველომ კვირას განაცხადა, რომ განზრახული აქვს სარჩელით მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს „ცენტრისტების“ საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით, რაც ამ პარტიას 8 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას აუკრძალავს. მმართველი პარტიის განცხადებით, „ცენტრისტების“ სარეკლამო რგოლი სახელმწიფოს წინააღმდეგ არის მიმართული და ანტიკონსტიტუციურია.

„სწორედ ამიტომ ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ დაიწყო სარჩელის მომზადება და ეს სარჩელი ეხება იმას, რომ შეუჩერდეს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ რეგისტრაცია ამ პოლიტიკურ პარტიას, რათა მან ვერ გააგრძელოს ასეთი ანტიკონსტიტუციური ქმედებები“, – განაცხადა სოფო კილაძემ, პარტია ქართული ოცნების დეპუტატობის კანდიდატმა.

ქართულ ოცნებამდე, მისმა ყოფილმა კოალიციურმა პარტნიორმა რესპუბლიკურმა პარტიამ მოუწოდა საკონსტიტუციო სარჩელისკენ, პარტია „ცენტრისტების“ საერთოდ აკრძალვის მიზნით. რესპუბლიკელმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ კონსტიტუციის იმ დებულებაზე მიუთითა, რომლის მიხედვითაც, დაუშვებელია ისეთი პოლიტიკური გაერთიანების შექმნა და საქმიანობა, რომლის მიზანია ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, რომელიც პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარეა, კვირას წერილობითი განცხადება გაავრცელა, სადაც გმობს „ცენტრისტების“ სარეკლამო კლიპს, რომელიც „ანტისახელმწიფოებრივ მოწოდებებს შეიცავს“.

ის მიესალმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილებას „სახელმწიფოებრიობის და სუვერენიტეტის წინააღმდეგ“ მიმართული ამ რეკლამის ეთერიდან მოხსნის თაობაზე და ასევე, განაცხადა: „საქართველოს მთავრობამ ყველაფერი გააკეთა ბოლო წლების განმავლობაში, რათა მედია ყოფილიყო დამოუკიდებელი, თუმცა დამოუკიდებლობა არ ნიშნავს უპასუხისმგებლობას… სწორედ წინასაარჩევნო პერიოდში გაზრდილი ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდის ფარგლებში გვმართებს განსაკუთრებული ყურადღება. საქართველოს მთავრობა კვლავაც გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა კანონიერ და დემოკრატიულ ბერკეტს, რათა არ დაუშვას ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდა და მიესალმება ყველა შესაბამის ინიციატივას არასამთავრობო თუ პოლიტიკური სექტორის მხრიდან“.

პარტია „ცენტრისტებს“ ჯერ კიდევ მანამ გამოუჩნდნენ მომჩივნები, სანამ პროტესტი ატყდებოდა მისი სარეკლამო კლიპის გამო.

არჩევნებზე დამკვირებელმა ორგანიზაციამ, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ პარტიის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა, სადაც აცხადებდა, რომ „ცენტრისტების“ დაპირება 400-ლარიანი რუსული პენსიის შესახებ ამომრჩეველთა მოსყიდვას წარმოადგენდა.

„სამართლიანი არჩევნები“ მოითხოვდნენ „ცენტრისტების“ საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნას.

თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, დავით წერეთელმა 13 აგვისტოს გამოტანილ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ „ცენტრისტების“ დაპირება წარმოადგენს არა მოსყიდვას, არამედ პარტიის ხედვას, თუ როგორი რეფორმის გატარებას აპირებს ის საპენსიო სისტემაში იმ შემთხვევაში, თუ არჩევნების შედეგად ხელისუფლებაში მოვა.

„პენსია, თავისი შინაარსით, სახელმწიფო სოციალური უზრუნველყოფის მექანიზმია, რაც გულისხმობს იმას, რომ საპენსიო უზრუნველყოფის ფორმას მხოლოდ სახელმწიფო განსაზღვრავს შესაბამისად, ერთი მხრივ, იგი სახელმწიფო სოციალური პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია, ხოლო მეორე მხრივ, მისი უზრუნველყოფა, გარდაქმნა და ა.შ. მხოლოდ იმ პოლიტიკური გაერთიანების კომპეტენცია იქნება, რომელიც არჩევნებში გაიმარჯვებს და ამ გზით მოიპოვებს პოლიტიკურ ხელისუფლებას“, – აღნიშნა მოსამართლემ თავის გადაწყვეტილებაში.

„სამართლიან არჩევნებში“ ამ გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრებას გეგმავენ.

მსგავსი/Related

Back to top button