skip to content
ახალი ამბები

კვირიკაშვილის თქმით, მომავალი თავდაცვის მინისტრის კანდიდატურაზე კონსულტაციები გრძელდება

პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა უარყო ვარაუდები იმის თაობაზე, რომ თავდაცვის მოქმედი მინისტრის თინა ხიდაშელის შემცვლელებად ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი სესიაშვილი და სასჯელაღსრულების მინისტრი კახა კახიშვილი განიხილებიან.

გასულ კვირას გაკეთდა განცხადება, რომ მთავრობის ორი წევრი რესპუბლიკური პარტიიდან – თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი და სახელმწიფო მინისტრი შერიგების საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი დატოვებენ თავიანთ თანამდებობებს ჯერ კიდევ კოალიციურ მთავრობაში.

ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს დეპუტატი, ირაკლი სესიაშვილი, რომელიც პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეა, და სასჯელაღსრულების მინისტრი კახა კახიშვილი ქართულ მედიაში თავდაცვის მინისტრობის პოტენციურ კანდიდატებად სახელდებოდნენ.

„არ ვადასტურებ ამ ინფორმაციას“, – განუცხადა პრემიერ–მინისტრმა კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს 20 ივლისს.

„გრძელდება კონსულტაციები, მაგრამ არა ამ ორ კანდიდატთან დაკავშირებით. ირაკლი სესიაშვილი არის ძალიან ღირებული იქ, სადაც მოღვაწეობს, სავარაუდოდ ის იქნება მაჟორიტარობის კანდიდატი. რაც შეეხება კახა კახიშვილს, ის არის სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ძალიან კარგი მინისტრი და მე ვფიქრობ, რომ მისი გამოცდილება არის ძალიან ღირებული იქ, სადაც ის არის,” – აღნიშნა პრემიერ–მინისტრმა, თუმცა თავდაცვის მინისტრობის პოტენციური კანდიდატების დასახელებისგან თავი შეიკავა.

რესპუბლიკური პარტიიდან მთავრობის წევრების გადადგომის შესახებ გადაწყვეტილების გამოცხადებისას, პარტიის ერთ–ერთმა ლიდერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა 12 ივლისს, რომ იმ ფონზე, როცა კოალიცია ქართულ ოცნებაში შემავალმა პარტიებმა გადაწყვიტეს დამოუკიდებლად მიიღონ მონაწილეობა 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, რესპუბლიკურმა პარტიამ მაინც გამოთქვა მზადყოფნა დარჩენილიყო პარტია ქართულ ოცნებასთან კოალიციურ მთავრობაში არჩევნების ბოლომდე. მაგრამ უსუფაშვილის თქმით, ქართულმა ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ სხვაგვარად გადაწყვიტა და უთხრა მთავრობის წევრებს რესპუბლიკური პარტიიდან, რომ ან დაეტოვებინათ რესპუბლიკური პარტია და დარჩენილიყვნენ მთავრობაში, ანდა სამთავრობო პოსტები დაეტოვებინათ. ხიდაშელისა და ზაქარეიშვილისგან განსხვავებით, მესამე მინისტრმა რესპუბლიკური პარტიიდან, გარემოს დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა მთავრობაში დარჩენის სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება და რესპუბლიკური პარტიის დატოვების შემდეგ პარტია ქართულ ოცნებას შეუერთდა.

მოქმედი თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი თანამდებობას ამერიკაში ვიზიტის დასრულების შემდეგ დატოვებს.

ვაშინგტონში, სადაც 20 ივლისს აშშ–საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებზე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, ხიდაშელი პენტაგონის და სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა.

მისი თქმით, შეხვედრის დროს დეტალურად იქნა განხილული აშშ–სა და საქართველოს შორის 6 ივლისს, სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის თბილისში ვიზიტის დროს ხელმოწერილი მემორანდუმის პირობები.   

„თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში პარტიორობის გაღრმავების“ შესახებ მემორანდუმის თანახმად, აშშ პირობას დებს მხარი დაუჭიროს საქართველოს მის თავდაცვით შესაძლებლობებში, მათ შორის ისეთ სფეროებში, როგორიცაა თავდაცვითი შესყიდვები და ინფორმაციის ფართო გაზიარება.

„საქართველოს შეიარაღებული ძალების მზადყოფნის პროგრამა – ასე ქვია ამ პროგრამას – იქნება გარდამტეხი მომენტი და პრინციპულად ახალი ერის დასაწყისი საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის“, – განაცხადა ხიდაშელმდა და დასძინა, რომ პროგრამა სრულად შემუშავდება წლის ბოლომდე და მისი განხორციელება მომდევნო წლის დასაწყისიდან დაიწყება.

მსგავსი/Related

Back to top button