Placeholder canvas
ახალი ამბები

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ‘ზეწოლის საგანგაშო ფაქტებზე’ საუბრობს

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, გიორგი პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ცხრაწევრიანი სასამართლოს ზოგიერთი მოსამართლის მიმართ ზეწოლა და „შანტაჟი“ ხორციელდება, რათა მათ ან ხელისუფლების სასარგებლოდ მიიღონ გადაწყვეტილება, ანდა გააჭიანურონ იმ ზოგიერთ გახმაურებულ საქმეზე განაჩენის გამოტანა, რომელთაც ამჟამად სასამართლო განიხილავს.

„დღეს მე მინდა ახალ საგანგაშო ფაქტებზე გესაუბროთ. ბოლო პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობს მიზანმიმართული ზეწოლა ცალკეულ მოსამართლეებზე, რაც გამოიხატება მათ ფარულ თვალთვალში, მათი ოჯახის წევრებისა და ახლო ნათესავების კომერციული საქმიანობის მიზანმიმართულ შევიწროებაში, დაშანტაჟებაში, რომ მათი ახლო ნათესავები დაკავებული იქნებიან სხვადასხვა საბაბით, აგრეთვე პირადი ხასიათის ინფორმაციის, ფალსიფიცირებული, მაგრამ ინფორმაცია შეიძლება გასაჯაროვდეს. ყველა ეს საქმე დაკავშირებულია მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებთან, რომელიც განიხილება სასამართლოში და მიმართულია იმისაკენ, რომ მათ გადაწყვეტილება მიიღონ ან ხელისუფლების სასარგებლოდ ან მაქსიმალურად გააჭიანურონ გადაწყვეტილების მიღების პროცესი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მან არ დააკონკრეტა ის საქმეები, რომლებზეც საუბრობდა. იმ გახმაურებულ საქმეებს შორის, რომელსაც ამჟამად საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს, არის ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის მიერ შეტანილი რამდენიმე საჩივარი, რომელიც ტელეკომპანიის საკუთრებაზე მიმდინარე დავას უკავშირდება. პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს 20 ივლისის განაჩენი, რომლითაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობის დეპუტატების სარჩელი საარჩევნო ოლქების ხელახალ ფორმირებასთან დაკავშირებით, არ არის იმ საქმეებს შორის, რომელთან დაკავშირებითაც ზოგიერთ მოსამართლეზე ზეწოლა განხორციელდა.

„დღეს უფრო დეტალური ინფორმაციისგან თავს შევიკავებ, რადგან ზოგიერთ შემთხვევაში ეს დაკავშირებულია მოსამართლეების პირად ინფორმაციასთან, მაგრამ დღევანდელი საჯარო განცხადების მთავარი ამოცანა არის ის, რომ მოვახდინოთ პრევენცია, აღვკვეთოთ ის საგანგაშო ფაქტები, რასაც ადგილი აქვს, რომ სასამართლომ შეეძლოს ნორმალურ რეჟიმში გააგრძელოს თავისი საქმიანობა და გადაწყვეტილება მიიღოს მხოლოდ და მხოლოდ კონსტიტუციის, კანონისა და შინაგანი რწმენის საფუძველზე და არა ზეწოლისა და მუქარის საფუძველზე“, – განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ.

„მე მზადყოფნას გამოვთქვამ, უფრო დეტალურად ამ საკითხზე ვისაუბრო ქვეყნის უმაღლეს თანამდებობის პირებთან“, – განაცხადა პაპუაშვილმა, რომლის ათწლიანი ვადაც საკონსტიტუციო სასამართლოში სექტემბერში იწურება.    

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button