skip to content
ახალი ამბები

საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2016 წლის პირველ ნახევარში

„საქსტატის“ მიერ სამშაბათს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2016 წლის პირველ ნახევარში საქართველოს საგარეო ვაჭრობა 11%–ით შემცირდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 4.22 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, 1.48 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების C ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატების ერთჯერადი იმპორტის გამოკლებით.

2016 წლის იანვარ–ივნისში ექსპორტის მოცულობა 12.3%–ით შემცირდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და 948 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. იმპორტის მოცულობა 10.6%–ით შემცირდა და 3.27 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ერთჯერადი პროდუქციის გამოკლებით, ხოლო უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 10%–ით შემცირდა  წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 2.32  მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

საქართველოს სავაჭრო ბრუნვა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან 2016 წლის პირველ ნახევარში 9.3%–ით შემცირდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და 1.16 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

 „საქსტატის“ ინფორმაციით, ექსპორტმა ევროკავშირში 226 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 22%–იანი კლებაა გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ხოლო იმპორტი ევროკავშირიდან დაახლოებით 4%–ით შემცირდა და 1 მილიარდ აშშ დოლარს ოდნავ გადააჭარბა (ერთჯერადი მედიკამენტების იმპორტის გამოკლებით). 

დსთ–სთან ვაჭრობა 2016 წლის პირველ ნახევარში 15%–ით შემცირდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და 1.15 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

ექსპორტი დსთ–ს ქვეყნებში 29%–ით შემცირდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და 294 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი დსთ–ს ქვეყნებიდან 8%–ით შემცირდა და 859 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

1.26 მილიარდი დოლარის ღირებულების C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტების ერთჯერადმა იმპორტმა კანადა საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად აქცია, თუმცა ამ ერთჯერადი იმპორტის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, თურქეთი კვლავ საქართველოს უმსხვილეს პარტნიორად რჩება 777.9 მილიონ აშშ დოლარიანი ბრუნვით 2016 წლის პირველ ნახევარში, რაც 3%–იანი ზრდაა გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

ექსპორტი თურქეთში 3.7%–ით შემცირდა და 105.5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ხოლო იმპორტი 5%–ით გაიზარდა და 672.4  მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

თურქეთის შემდეგ მოდის რუსეთი, რომელთანაც სავაჭრო ბრუნვამ 2016 წლის პირველ ნახევარში 390.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 16%–იანი ზრდაა.

საქართველოს ექსპორტი რუსეთში 16.4%–ით გაიზარდა და 82.2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 16.5%–ით გაიზარდა და 308 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

რუსეთის შემდეგ მოდის ჩინეთი, რომელთან სავაჭრო ბრუნვამაც 348.4 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა 2016 წლის პირველ ნახევარში. საქართველოს ექსპორტი ჩინეთში 61.1%–ით გაიზარდა და 89.4 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი ჩინეთიდან 17.6%–ით შემცირდა და 259 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

აზერბაიჯანი საქართველოს მეოთხე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია 264.3 მილიონი აშშ დოლარის სავაჭრო ბრუნვით, რაც 35.3%–იანი კლებაა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2016 წლის პირველ ნახევარში საქართველოს ექსპორტი აზერბაიჯანში დაახლოებით სამჯერ შემცირდა და 40.7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. იმპორტი აზერბაიჯანიდან 19.2%–ით შემცირდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და 223.5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა იანვარ–ივნისში.

2016 წლის პირველ ნახევარში უმსხვილესი საექსპორტო ჯგუფი სპილენძის მადნები და კონცენტრატები იყო 147.8 მლნ აშშ დოლარით (14%–იანი ზრდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით); შემდეგ მოდის ავტომობილების რეექსპორტი– 75 მლნ აშშ დოლარით (24.5%–იანი კლება); ფეროშენადნობი – 74.48 მლნ აშშ დოლარი (32.5%–იანი კლება); თხილი – 69.6 მლნ აშშ დოლარი (5.5%–იანი კლება); სამკურნალო საშუალებები – 48.79 მლნ აშშ დოლარი (24.3%–იანი კლება); ღვინო – 46.2 მლნ აშშ დოლარი (16%–იანი ზრდა); აზოტოვანი სასუქები – 42 მლნ აშშ დოლარი (16.5%–იანი კლება); მინერალური წყლები – 40.7 მლნ აშშ დოლარი (10.6%–იანი კლება); ოქრო დაუმუშავებელი ან ნახევრად დამუშავებული – 40 მლნ აშშ დოლარი (39.1%–იანი ზრდა); არადენატურირებული ეთილის სპირტი და სპირტიანი სასმელები – 39.4 მლნ აშშ დოლარი (50.6%–იანი ზრდა).

2016 წლის პირველ ნახევარში ნავთობპროდუქტები საქართველოს საიმპორტო სიის სათავეშია 243.1 მილიონი აშშ დოლარით, შემდეგ მოდის მსუბუქი ავტომობილები – 219.1 მლნ აშშ დოლარი; ნახშირწყალბადები – 157.5 მლნ აშშ დოლარი; მედიკამენტები – 127.58 მლნ აშშ დოლარი (ეს მაჩვენებელი არ შეიცავს C ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატების ერთჯერად იმპორტს); სპილენძის მადნები და კონცენტრატები – 111.9 მლნ აშშ დოლარი; სატელეფონო აპარატები, ფიჭური ან სხვა უსადენო ქსელებისთვის – 64.58 მლნ აშშ დოლარი; სიგარეტი – 47.9 მლნ აშშ დოლარი; მეტალოკონსტრუქციები შავი ლითონებისაგან – 47.5 მლნ აშშ დოლარი;  იზოლირებული მავთულები და კაბელები – 33.1 მლნ აშშ დოლარი; წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან  ე.წ. „არმატურა“ – 32 მლნ აშშ დოლარი.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button