skip to content
ახალი ამბები

პარტია ქართულმა ოცნებამ იმერეთის რეგიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა

მმართველმა პარტიამ ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო თავისი საარჩევნო კამპანიის ოფიციალური დაწყება 18 ივლისს ქუთაისში გამართული აქციით აღნიშნა, რომლის ფარგლებშიც იმერეთის რეგიონის 11 ერთმანდატიან ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

კანდიდატებს შორის ორი მოქმედი დეპუტატია, ასევე ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი კობა ნარჩემაშვილი, რომელიც  ქუთაისის სამი ერთმანდატიანი ოლქიდან ერთ–ერთში იყრის კენჭს.

ნარჩემაშვილი 2003 წლის ვარდების რევოლუციამდე ორი წლის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობდა ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს.

ქართულმა ოცნებამ ქუთაისის 41–ე საჯარო სკოლის დირექტორი, გენადი მარგველაშვილი და ექიმი დიმიტრი მხეიძე, ქუთაისის კლინიკა ENT–ს დირექტორი, ქუთაისის დანარჩენ ორ ოლქში მაჟორიტარ კანდიდატებად დაასახელა.

მოქმედი კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოში შერეული საარჩევნო სისტემა მოქმედებს, რომლის ფარგლებშიც 150-წევრიან პარლამენტში 77 დეპუტატი პროპორციული წესით, ხოლო 73 მაჟორიტარი ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში აირჩევა.      

მაჟორიტარული ოლქების ხელახლა იქნა ფორმირებული ამომრჩეველთა თანაბარი რაოდენობის უზრუნველყოფის მიზნით. ოლქებს შორის უთანასწორობა ამომრჩეველთა რაოდენობის მიხედვით მნიშვნელოვნად შემცირდა მცირე ოლქების გაერთიანების და მსხვილი ოლქების გაყოფის შედეგად. ახალი მაჟორიტარული ოლქების საზღვრები უმეტეს შემთხვევაში მუნიციპალურ საზღვრებს აღარ ემთხვევა.

ქართულმა ოცნებამ მოქმედი დეპუტატი შალვა კიკნაველიძე ზესტაფონის მაჟორიტარ დეპუტატად წარადგინა. კიკნაველიძე მმართველი კოალიციიდან გასული ეროვნული ფორუმის წევრი იყო, სანამ ივნისში პარტიას  დატოვებდა და ქართულ ოცნებას შეუერთდებოდა.

დეპუტატი პაატა კვიჟინაძე საჩხერის ოლქში მაჟორიტარ კანდიდატად იქნა დასახელებული. ის კონსერვატიული პარტიის წევრია. საჩხერის ამჟამინდელი მაჟორიტარი მანანა კობახიძეა, ვიცე–სპიკერი ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოდან. 

გრიგოლ ლილუაშვილი, რომელიც თბილისის ვიცე–მერია, ქართული ოცნების მაჟორიტარ დეპუტატად დასახელდა იმ ერთმანდატიან ოლქში, რომელიც ვანის და  ხონის მუნიციპალიტეტებს აერთიანებს. 2016 წლის იანვარში თბილისის ვიცე–მერის თანამდებობის დაკავებამდე, ლილუაშვილი ყოფილი პრემიერ–მინისტრის ბიძინა ივანიშვილის „ქართუ ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე იყო.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელი, სულხან მახათაძე ქართულმა ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ ჭიათურაში წარადგინა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად, ხოლო ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი კობა ლურსმანაშვილი იმ ერთმანდატიან ოლქში იყრის კენჭს, რომელიც ხარაგაულის და ბაღდათის მუნიციპალიტეტებს მოიცავს. ბიზნესმენი გია მიქელაძე ქართული ოცნების მაჟორიტარ  კანდიდატად დასახელდა სამტრედიაში.

პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნების პირველივე ტურში გასამარჯვებლად, რომელშიც კენჭისყრის უფლება პარტიულთან ერთად დამოუკიდებელ კანდიდატებსაც აქვთ, 50%-იანი ბარიერია დაწესებული.

მსგავსი/Related

Back to top button