skip to content
ახალი ამბები

თავისუფალმა დემოკრატებმა დეპუტატობის კანდიდატთა სიის პირველი ოცეული დაასახელეს

ოპოზიციურმა „თავისუფალმა დემოკრატებმა“ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის დეპუტატობის კანდიდატების პარტიული სიის პირველი ოცეული შაბათს გამართული ყრილობის დროს დაასახელეს. 

სიაში, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე და ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია უდგას სათავეში, „თავისუფალი დემოკრატების“ რვავე მოქმედი დეპუტატი შედის.

ირაკლი ალასანიას, რომელიც სიის პირველი ნომერია, მოყვებიან დეპუტატები ვიქტორ დოლიძე, ნინო გოგუაძე, ზურაბ აბაშიძე, ირაკლი ჩიქოვანი, შალვა შავგულიძე და ასევე პარტიის რეგიონალური სამსახურის უფროსი, თამარ კეკენაძე.

სიის მერვე და მეცხე ნომრად წარდგენილი არიან ალექსი პეტრიაშვილი, რომელიც სახელმწიფო მინისტრი იყო ევროპული და ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში  და მაია ფანჯიკიძე, რომელიც ორი წელი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, სანამ 2014 წლის ნოემბერში კოალიცია ქართულ ოცნებას დატოვებდა.

შემდეგ მოდის პარტიის კამპანიის ხელმძღვანელი, დეპუტატი გიორგი ცაგარეიშვილი, და ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელი, რომელიც თავისუფალ დემოკრატებს გასულ წელს შეუერთდა.   

დეპუტატი დავით ონოფრიშვილი და დეპუტატი თამაზ შიოშვილი სიაში მე–12 და მე–13 ნომრებად არიან. შემდეგ მოდის ვახტანგ მჭედლიძე, რომელიც თბილისის საკრებულოს წევრი იყო ნაციონალური მოძრაობიდან, სანამ პარტიას 2011 წლის დასაწყისში დატოვებდა და რომელიც „თავისუფალ დემოკრატებს“ მიმდინარე წელს შეუერთდა. თინათინ რევაზიშვილი, რომელიც 2013–2014 წლებში საქართველოს პარაოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი იყო და რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის აქტიური მხარდამჭერია; თეიმურაზ სალუქვაძე, „თავისუფალი დემოკრატების“ გამგეობის წევრი; თამარ კობერიძე, პარტიის აღმასრულებელი დირექტორი 2015 წლის დასაწყისიდან; ბენიამინ კასიმოვი, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი, ვიდრე გაზაფხულზე „თავისუფალ დემოკრატებში“ გაწევრიანდებოდა; ნიკოლოზ (კოკა) ფრუიძე, რომელიც 2004–2010 წლებში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე იყო; და მიხეილ ავაქიანი, საქართველოში სომხეთის ეპარქიის იურიდიულ საქმეთა განყოფილების უფროსი, რომელიც „თავისუფალ დემოკრატებს“ გაზაფხულზე შეუერთდა.

იმ კანდიდატებს, რომლებიც პარტიული სიის დასაწყისში არიან მოქცეულნი, მეტი შანსი აქვთ, რომ საკანონმდებლო ორგანოში ადგილები მოიპოვონ იმ შემთხვევაში, თუ პარტია 5%–იან ბარიერს გადალახავს.

მოქმედი კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოში შერეული საარჩევნო სისტემა მოქმედებს, რომლის ფარგლებშიც 150-წევრიან პარლამენტში 77 დეპუტატი პროპორციული წესით, ხოლო 73 მაჟორიტარი ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში აირჩევა.       
 
„თავისუფალმა დემოკრატებმა“  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა სიაც გაასაჯაროვეს 53 ერთმანდატიან ოლქში. იმ 20 კანდიდატიდან, რომლებიც პარტიულ სიაშიც არიან, 11 მაჟორიტარ კანდიდატებად იყრიან კენჭს სხვადასხვა ერთმანდატიან ოლქებში, მათ შორის არიან დეპუტატები ვიქტორ დოლიძე ვაკის ერთმანდატიან ოლქში; ზურაბ აბაშიძე დიდუბის ოლქში; ირაკლი ჩიქოვანი ზუგდიდში; შალვა შავგულიძე საბურთალოს ერთ–ერთ ოლქში; დავით  ონოფრიშვილი საბურთალოს ერთ–ერთ ოლქში და თამაზ შიოშვილი გორში.

პარტიის ლიდერი ირაკლი ალასანია მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს შორის არ ფიგურირებს.

 

მსგავსი/Related

Back to top button