skip to content
ახალი ამბები

ანკარაში ვიზიტამდე კვირიკაშვილი თავის თურქ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა

საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც მიმდინარე კვირას ანკარას ეწვევა, ტელეფონით თავის თურქ კოლეგას ბინალი ილდირიმს ესაუბრა და კიდევ ერთხელ გამოხატა თბილისის მხარდაჭერა თურქეთის დემოკრატიულად არჩეული მთავრობის მიმართ, განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრის ადმინისტრაციამ 18 ივლისს, საქართველოს მეზობელ ქვეყანაში სამხედრო გადატრიალების წარუმატებელი მცდელობიდან სამ დღეში. 

„ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა დაადასტურეს მზაობა, რომ 19 ივლისს, ანკარაში, საქართველოს მთავრობის მეთაურის ვიზიტის ფარგლებში, გაიმართოს საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს პირველი სხდომა. გიორგი კვირიკაშვილმა და ბინალი ილდირიმმა ხაზი გაუსვეს აღნიშნული ვიზიტის მნიშვნელობას და გამოთქვეს მზადყოფნა, განიხილონ ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის ყველა მიმართულება“,– განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრის ადმინისტრაციამ.

პრემიერ–მინისტრ კვირიკაშვილის თურქეთში ვიზიტი დიდი ხნით ადრე დაიგეგმა გადატრიალების უშედეგო მცდელობამდე, რის შედეგადაც სულ ცოტა 290 ადამიანი დაიღუპა. 

საქართველოს პრემიერ–მინისტრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კვირიკაშვილმა სამძიმარი გამოუცხადა თურქ ხალხს დაღუპულთა გამო, რომელთაც „თავი შესწირეს თურქეთში დემოკრატიის დაცვას“.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ძლიერი და დემოკრატიული თურქეთი მნიშვნელოვანია რეგიონში განვითარებისა და სტაბილურობისთვის და კიდევ ერთხელ გამოუცხადა მხარდაჭერა თურქეთის დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებას“, – ნათქვამია პრემიერ–მინისტრის ადმინისტრაციის განცხადებაში, რომლის თანახმადაც, თურქეთის პრემიერ–მინისტრმა გამოთქვა თავისი ქვეყნის მზადყოფნა, გააგრძელოს საქართველოსთან თანამშრომლობა ყველა მიმართულებით.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button