skip to content
ახალი ამბები

თურქეთის მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო შეიკრიბა

საქართველოს ხელმძღვანელობა პრეზიდენტის სასახლეში შეიკრიბა, სადაც თურქეთში განვითარებული მოვლენების განხილვის მიზნით ეროვნული უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართა.    

სხდომას, რომელიც გვიან ღამით გაიმართა, ესწრებოდნენ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის მეთაური ვახტანგ კაპანაძე და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ის „ყურადღებით აკვირდება საქართველოს მეზობელ და სტრატეგიულ პარტნიორ თურქეთში მიმდინარე მოვლენებს“, სადაც სამხედროებმა განაცხადეს, რომ მათ ძალაუფლება ხელში ჩაიდგეს, თუმცა პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა პირობა დადო, რომ გადატრიალების მცდელობა წარუმატებელი იქნება.

„იმედს გამოთქვამთ, რომ ვითარება მშვიდობიანად დარეგულირდება“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

სამინისტრომ მოუწოდა თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს „შეინარჩუნონ სიმშვიდე, თავი შეიკავონ ქუჩაში გადაადგილებისგან, დარჩნენ საცხოვრებელ სახლებში და თვალი მიადევნონ საინფორმაციო საშუალებებში მოვლენების მიმდინარეობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას“.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე გამოაქვეყნა თურქეთში საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზზის ნომრები: +905336903040; +905418184400 და ასევე  სამინისტროს ცენტრალური აპარატის ცხელი ხაზის ნომერი: 577984020, რომლებზეც საქართველოს მოქალაქეებს დაკავშირება შეეძლებათ.

მსგავსი/Related

Back to top button