ახალი ამბები

EBRD–მა „მაგთიკომს“ 100 მილიონი აშშ დოლარი გამოუყო „კავკასუს ონლაინთან“ გარიგების დასაფინანსებლად

ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა (EBRD) საქართველოს წამყვან სატელეკომუნიკაციო კომპანიას, „მაგთიკომს“ 100 მილიონი აშშ დოლარი გამოუყო, რათა  ინტერნეტ მომსახურების მიმწოდებელი მეორე უმსხვილესი კომპანია „კავკასუს ონლაინისგან“ ფართოზოლოვანი ფიქსირებული ინტერნეტ ქსელის პლატფორმა შეისყიდოს. 

„მაგთიკომმა“ და „კავკასუს ონლაინმა“ შეთანხმებას მაისის ბოლოს მოაწერეს ხელი, რომლის თანახმადაც, ის „კავკასუს ონლაინის“ აქტივებს შეიძენს, მათ შორის მთელ ინფრასტრუქტურას, აღჭურვილობას და ქსელებს, რაც საცალო და კორპორატიული მომხმარებლებისთვის ინტერნეტ, სატელეფონო და IPTV (ტელევიზია, რომელიც მომხმარებელს კომპიუტერული ქსელებისთვის შექმნილი ტექნოლოგიით მიეწოდება და არა საეთერო ან საკაბელო მაუწყებლობით) მომსახურების გასაწევადაა საჭირო.  „მაგთიკომმა“ განაცხადა, რომ აქტივების გადაცემა აგვისტოში დასრულდება.

საქართველოს სატელეკომუნიკაციო კომპანია „მაგთიკომი“ ლიდერია საქართველოს pay-TV (ფასიანი ტელემაუწყებლობის სისტემა) ბაზარზე, რომელიც თანამგზავრულ მაუწყებლობა „მაგთისატს“ ახორციელებს, ხოლო „კავკასუს ონლაინი“ IPTV  მომსახურების მეორე უმსხვილესი პროვაიდერია.

გარიგება არ მოიცავს „კავკასუს ონლაინის“ ყველა აქტივს – კომპანია კვლავაც გააკონტროლებს 1 200 კილომეტრი სიგრძის ოპტიკურ–ბოჭკოვან კაბელს შავი ზღვის ფსკერზე.

EBRD-მა განაცხადა, რომ მაგთიკომისთვის გამოყოფილი კრედიტი დაეხმარება კომპანიას, რომ თავის მომხმარებლებს თბილისიდან მოშორებით მდებარე რეგიონებში უკეთესი და უფრო მაღალი სიჩქარის ინტერნეტ მომსახურება შესთავაზოს.

„საქართველო მზარდი ეკონომიკის ქვეყანაა, სადაც რეგიონებს უფრო მჭიდრო საინფორმაციო კავშირი ესაჭიროებათ“, – განაცხადა EBRD–ის კავკასიის, მოლდოვისა და ბელარუსის რეგიონულმა დირექტორმა, ბრუნო ბალვანერამ და აღნიშნა, რომ  ეს პროექტი EBRD–ის იმ ძალისხმევის ნაწილია, რომ ინტერნეტის განვითარებით ხელი შეუწყოს ეკონომიკაში მოსახლეობის უფრო აქტიურ ჩაბმას.

გასული წლის შემდეგ, „მაგთიკომთან“ ერთად, „კავკასუს ონლაინი“, რომელიც ოფშორში დარეგისტრირებული კომპანიების მფლობელობაშია, ასევე აწარმოებდა მოლაპარაკებებს თავისი აქტივების ნაწილის გაყიდვის თაობაზე საქართველოს ორ სატელეკომუნიკაციო ოპერატორთან – „სილქნეთთან“, რომელიც უმსხვილესი ინტერნეტ და  IPTV მომსახურების პროვაიდერია, და „ბილაინთან“, მობილურ ოპერატორ კომპანიასთან, რომლის საკონტროლო პაკეტის მფლობელიც რუსული კომპანია VimpelCom–ია. რაღაც ეტაპზე „ბილაინი“ უფრო ახლოს იყო შეთანხმებასთან, თუმცა „კავკასუს ონლაინმა“ 2016 წლის მარტში სხვა არჩევანი გააკეთა და განაცხადა, რომ ის „მაგთიკომთან“ აპირებდა კონტრაქტის გაფორმებას.

„მაგთიკომს“ აშშ-ის დელავერის შტატში დარეგისტრირებული ორი კომპანია ფლობს.  მის მთავარ ბენეფიციარ მფლობელებს შორის არიან საქართველოს ექს–პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის სიძე, გია ჯოხთაბერიძე და გარდაცვლილი ბიზნესმენის, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი.

მსგავსი/Related

Back to top button