Placeholder canvas
ახალი ამბები

სამშენებლო კომპანია “ცენტრ პოინტის” თანამფლობელი დააკავეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ სამშაბათს სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ თანამფლობელს, მაია რჩეულიშვილის, რომელიც დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის ბრალდებას უარყოფს, ამ ბრალის გამო წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ეს „ცენტრ პოინტთან“ დაკავშირებით უკვე ბრალდებების მეორე წყებაა რჩეულიშვილის წინააღმდეგ, რომელმაც ცუდი რეპუტაცია მას შემდეგ შეიძინა, რაც 2000–იანების დასაწყისში, სავარაუდოდ, ათასობით კლიენტი მოატყუა.

„ცენტრ პოინტ ჯგუფის“ მიერ დაზარალებულმა მოქალაქეებმა განაცხადეს, რომ ისინი მოატყუეს ე.წ. „პირამიდის“ ტიპის სქემის საშუალებით. მოქალაქეები წინასწარ იხდიდნენ თანხებს სახლების მშენებლობაში, სადაც მათ, დასრულების შემდეგ, ბინები გადაეცემოდათ. მაგრამ 2010 წელს „ცენტრ პოინტ ჯგუფი“ გაკოტრების პირას მივიდა და განაცხადა, რომ ის ვეღარ შეასრულებდა თავის სამშენებლო ვალდებულებებს დაახლოებით 6 200 კლიენტის წინაშე – ეს საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველომ „ყველაზე დიდ სამშენებლო სკანდალად“ შეაფასა.

პირველად ბრალდებები მაია რჩეულიშვილს 2013 წლის ივლისში წარუდგინეს და ეს ბრალდებები თაღლითობას და დიდი ოდენობით თანხების მითვისებას მოიცავდა. მასთან ერთად ამავე საქმეზე ასევე წარუდგინეს ბრალი მის დას, რუსუდან კერვალიშვილს; სასამართლო პროცესი კვლავ მიმდინარეობს.

მაია რჩეულიშვილი და რუსუდან რჩეულიშვილი კომპანიის 50%-50%-ს ფლობენ.

მაია რჩეულიშვილის მეუღლე, ვახტანგ რჩეულიშვილი 90–იან წლებში და 2000–იანების დასაწყისში დეპუტატი იყო. იგი პოლიტიკიდან 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ წავიდა; იგი „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ და მისი 50–ზე მეტი შვილობილი კომპანიის მენეჯმენტში იყო ჩართული. ამ კომპანიების მფლობელები პირდაპირ ან ირიბად რუსუდან კერვალიშვილი და მაია რჩეულიშვილი იყვნენ.
რუსუდან კერვალიშვილი 2008–2012 წლებში ნაციონალური მოძრაობიდან დეპუტატი და პარლამენტის ვიცე–სპიკერი იყო. მიუხედავად იმისა, რომ მას მაღალი თანამდებობა ეკავა საკანონმდებლო ორგანოში, კერვალიშვილი არასდროს ყოფილა აქტიური პოლიტიკური ფიგურა, ხოლო მას შემდეგ, რაც პარლამენტში თავისი ოთხწლიანი წევრობა დაასრულა, საერთოდ ჩამოშორდა პოლიტიკას.

ახალი ბრალდებები, რომელიც მაია რჩეულიშვილს მიმდინარე კვირას წაუყენეს, უკავშირდება „ცენტრ პოინტი ჯგუფის“ ამჟამად უმოქმედო ფილიალის,  შპს „ცენტრ პოინტი აჭარას’’  საქმიანობას.

პროკურატურა აცხადებს, რომ 21.39 მილიონი ლარი გაიფლანგა 2004 წლიდან 2010 წლამდე პერიოდში კომპანიის აჭარის ფილიალიდან, რამაც შეუძლებელი გახადა კომპანიის მიერ იმ კლიენტების წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულება, რომელთაც წინასწარ ჰქონდათ ფული გადახდილი, და ასევე სამი სამშენებლო პროექტის დასრულება ბათუმში.

იმავე საქმეზე ბრალდებები ასევე წარედგინათ და წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ მაია რჩეულიშვილს შვილს, გურამ რჩეულიშვილს, რომელიც კომპანიის გამგეობის წევრია, და კომპანიის კიდევ ორ ყოფილ თანამშრომელს; ყველა მათგანი უარყოფს ბრალდებებს – ერთ–ერთი მათგანი, რომელიც 2006 წლამდე ორი წლის მანძილზე აჭარის ფილიალის თანამშრომელი იყო, აცხადებს, რომ ის ნომინალური ფიგურა იყო კომპანიაში და ფინანსებთან არაფერი ჰქონდა საერთო.

რჩეულიშვილის ადვოკატი, მარინა ცუცქირიძე, აცხადებს, რომ „ცენტრ პოინტმა“ ბოლო ორი წლის მანძილზე რამდენიმე სამშენებლო პროექტი დაასრულა მაია რჩეულიშვილის ხელმძღვანელობით და მისი წინასწარი პატიმრობა დარჩენილი ვალდებულებების შესრულებას საფრთხეს შეუქმნის.

ვახტანგ რჩეულიშვილმა, მაია რჩეულიშვილის მეუღლემ, რომელის ასევე მონაწილეობდა კომპანიის მენეჯმენტში, განაცხადა, რომ ახალი ბრალდებები „ცენტრ პოინტის“ ქონების წართმევის მცდელობაა და მან აღნიშნა, რომ ამ „პოლიტიკურად მოტივირებული“ კამპანიის უკან ხელისუფლება დგას.

მსგავსი/Related

Back to top button