ახალი ამბები

მმართველმა პარტიამ დეპუტატობის კანდიდატთა ნაწილი დაასახელა

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, რომელიც ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს ლიდერია, პარტიის დეპუტატობის 15 კანდიდატი წარადგინა, რომლებიც, მისი თქმით, „დადებით მუხტს შემოიტანენ არა მარტო ქართულ ოცნებაში, არამედ ზოგადად ქართულ პოლიტიკაში“. 

ამ კანდიდატებიდან 8 ქალი, ხოლო 7 მამაკაცია, რომელთა შორის არიან ორი თვის წინ პარტიის განახლებული პოლიტსაბჭოს წევრები, საჯარო სამსახურის წარმომადგენლები, ასევე ბიზნეს და არასამთავრობო სექტორებში მუშაობის გამოცდილების მქონე ადამიანები.

„მჯერა, რომ მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში ქართული ოცნება განახლებული გუნდით, არსებული გუნდის წევრებთან ერთად, ისევ დამაჯერებლად გაიმარჯვებს“, – განაცხადა კვირიკაშვილმა, რომელსაც ამ ეტაპზე არ უთქვამს, თუ ვინ შეინარჩუნებს გუნდში ადგილს.   

ქართული ოცნების დეპუტატობის პრეტენდენტები არიან:

  • თამარ ჩუგოშვილი, 2010-12 წლებში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, რომელიც  შემდეგ 2013 წლიდან მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის თანაშემწე გახდა ადამიანის უფლებების დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში და პრემიერად ირაკლი ღარიბაშვილის დანიშვნიდან ცოტა ხანში ჰარვარდის უნივერსიტეტში გაემგზავრა სასწავლებლად.
  • გიორგი გახარია, მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, რომელიც 2013 წლიდან საქართველოს ბიზნეს-ომბუდსმენია, 2014 წლის დეკემბრიდან კი პრემიერ-მინისტრთან არსებული ეკონომიკური საბჭოს მდივნობასაც ითავსებს; საჯარო სამსახურში მოსვლამდე ის ავიაკომპანია „ლუფტანზას“ სერვისის ჯგუფის ერთ–ერთ დირექტორად მუშაობდა დსთ-სა და აღმოსავლეთ ევროპაში.
  • ირაკლი კობახიძე, პარტია ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი და პოლიტსაბჭოს წევრი, კონსტიტუციონალისტი.
  • არჩილ თალაკვაძე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოქმედი მოადგილე, რომელსაც  2012 წლის ბოლოდან სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა, მანამდე კი USAID-ის დემოკრატიული მმართველობის პროგრამაში მუშაობდა.
  • თამარ ხულორდავა, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე, რომელიც ევროკავშირის წარმომადგენლობაში კანონის უზენაესობის პროგრამების მენეჯერად წლების განმავლობაში მუშაობდა.
  • სოფო ჯაფარიძე, პრემიერ-მინისტრის მოქმედი თანაშემწე ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში.
  • რომან კაკულია, პარტია ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს წევრი და ევროკავშირის პროგრამების კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში.
  • აკაკი ზოიძე, პარტია ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს წევრი, რომელიც 2003 წლის ნოემბრამდე სახელმწიფო მინისტრის მოადგილე იყო ჯანდაცვის მიმართულებით.
  • სოფო კილაძე, პოლიტსაბჭოს წევრი, რომელიც შსს აკადემიის პრორექტორი იყო.
  • ირინა ფრუიძე, რომელიც ახალი მემარჯვენეების ყოფილი წარმომადგენელი და ინტელექტუალური კლუბის „რა? სად? როდის?“ წევრია, მაისიდან პარტია ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში შედის.
  • მამუკა მდინარაძე, ადვოკატი, რომელიც ასევე ქართული ოცნების  განახლებული პოლიტსაბჭოს წევრი გახდა.
  • კახა კუჭავა, რომელსაც ყველა სხვა კანდიდატთან შედარებით ნაკლებად იცნობენ, პოლიტიკაში ბიზნესიდან, კერძოდ კი სამთო-მოპოვებითი სექტორიდან მოდის.
  • ნინო გოგუაძე, თბილისის საკრებულოს წევრი მმართველ კოალიციაში შემავალი კონსერვატიული პარტიიდან, რომელიც მანამდე ექვსი წლის განმავლობაში ამავე პარტიის მიერ დანიშნული წევრი იყო ცესკოში.
  • მარიამ ჯაში, ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს ყოფილი მოადგილე, რომელიც ამჟამად სოლიდარობის ფონდს ხელმძღვანელობს.
  • სოფო ქაცარავა, რომელიც ბრიტანეთის საელჩოში სხვადსხვა პოზიციებზე მუშაობდა, მათ შორის იყო პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი.

საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში  კანდიდატების წარდგენისას, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ მათი შერჩევისას სახელმძღვანელო პრინციპები იყო  მაღალი ღირებულებების ერთგულება და სახელმწიფოებრივად აზროვნება. 

თუმცა მას ამ ეტაპზე არ დაუკონკრეტებია, თუ რომელ ადგილებს დაიკავებენ ეს კანდიდატები პარტია ქართული ოცნების საარჩევნო სიაში ან იქნებიან თუ არა ისინი მაჟორიტარულ ოლქებში წარდგენილნი.

„დღეს ქართულ პოლიტიკას ახალი ენერგია, ახლებული ხედვა სჭირდება, დღევანდელი რეალობა ახალ დღის წესრიგს, ახალ მოთხოვნებს გვიყენებს, რომლებსაც ჩვენი პარტია განახლებული გუნდით ხვდება და მზად არის უპასუხოს ყველა გამოწვევას“, – განაცხადა კვირიკაშვილმა და აღნიშნა, რომ განვლილი ოთხი წლის განმავლობაში „ფუნდამენტურ ცვლილებებს“ ჩაეყარა  საფუძველი, რომელიც „სულ მალე გახდება თითოეული ადამიანისთვის ხელშესახები“.

„ჩვენ ვცდილობთ ბევრი არ ვილაპარაკოთ გაკეთებულ საქმეებზე, რადგან ხალხი ამას ისედაც ხედავს“, – დასძინა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button