ახალი ამბები

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი თბილისში ჩამოვიდა

აშშ–ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი თბილისში ოთხშაბათს ჩამოვიდა, რათა მოლაპარაკებები გამართოს საქართველოს ხელმძღვანელობასთან და შეხვდეს ზოგიერთ ოპოზიციონერ ლიდერს.

საქართველოდან ჯონ კერი 7 ივლისს უკრაინაში გაემგზავრება, შემდეგ კი ვარშავაში, სადაც 8-9 ივლისს ნატოს სამიტში მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან ერთად სახელმწიფო მდივანი აშშ-საქართველოს სტრატეგიული ქარტიის პლენარულ სხდომას წარუძღვება, სადაც განიხილება 2009 წლის იანვარში ხელმოწერილი ქარტიით გათვალისწინებული პრიორიტეტული მიმართულებები – დემოკრატია, თავდაცვა და უსაფრთხოება, ეკონომიკა და ხალხთა შორის ურთიერთობები.

პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ცნობით ვიზიტის დროს „შედგება „ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონია“; მემორანდუმის დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა Associated Press-ი იტყობინება, რომ შეთანხმება მოიცავს საქართველოს უსაფრთხოების ძალებისთვის წვრთნებისა და აღჭურვილობით დახმარების გაძლიერებას.

“როიტერი” იტყობინება სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი რანგის წარმომადგენელზე დაყრდნობით, რომ ურთიერთგაგების მემორანდუმი უსაფრთხოების და თავდაცვის საკითხების შესახებ გააძლიერებს საქართველოს შესაძლებლობას დაიცვას საკუთარი თავი.

პენტაგონის და სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს 7 ივნისს აშშ–ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის მოსმენაზე, რომ უსაფრთხოების სფეროში საქართველოს დახმარების პროგრამაში აშშ მეტ ყურადღებას მიაქცევს ქვეყნია დახმარებას, რათა მან საკუთარი თავდაცვითი შესაძლებლობები გაზარდოს.  

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ასევე შეხვდება პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს და საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს.

ის ასევე გამართავს შეხვედრებს ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობისა და თავისუფალი დემოკრატების ლიდერებთან.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ თბილისში ჯონ კერი განიხილავს „აშშ–ის მხარდაჭერას საქართველოს ევრო–ატლანტიკური მისწრაფებების მიმართ და ოქტომბრის წარმატებულ არჩევნებს“.

უკანასკნელად ჯონ კერი საქართველოს სენატორის რანგში სტუმრობდა 2008 წლის დეკემბერში. 

ბოლოს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველოში ვიზიტით 2012 წლის ივნისში იმყოფებოდა, როცა ეს პოსტი ჰილარი კლინტონს ეკავა.   

მსგავსი/Related

Back to top button