ახალი ამბები

თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში წარდგენილი დეპუტატობის კანდიდატები

8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის ოპოზიციურმა ნაციონალურმა მოძრაობამ და ირაკლი ალასანიას "თავისუფალმა დემოკრატებმა" მაჟორიტარი კანდიდატების ნაწილი წარადგინეს თბილისში.

მმართველ პარტიას ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს, სხვა პარტიების უმრავლესობის მსგავსად, მაჟორიტარი კანდიდატები ჯერ არცერთ ერთმანდატიან ოლქში არ წარუდგენია. მთელი საქართველოს მასშტაბით სულ 73 მაჟორიტარული ოლქია.

დედაქალაქში, განსხვავებით წინა სხვა საპარლამენტო არჩევნებისგან, როცა 10 ოლქი ფუნქციონირებდა რაიონულ საზღვრებში, ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა თანაბრობის უზრუნველყოფის მოტივით სულ 22 ერთმანდატიანი ოლქი შეიქმნა რაიონების დაყოფის გზით.

ვაკის #2 მაჟორიტარულ ოლქში ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარ კანდიდატს ელენე ხოშტარიას, რომელიც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრის ყოფილი მოადგილეა „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი ვიქტორ დოლიძე დაუპირისპირდება, რომელიც საქართველოს პარლამენტში 2015 წლის თებერვლამდე ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს ხელმძღვანელობდა.

ვაკის მეორე, #3 ოლქში ნაციონალური მოძრაობის მიერ წარდგენილი კანდიდატი დეპუტატი პეტრე ცისკარიშვილია; მისი კონკურენტი „თავისუფალი დემოკრატებიდან“  გიორგი ნუცუბიძე იქნება.

სამგორის მე-11 მაჟორიტარულ ოლქში, რომელიც ვარკეთილს მოიცავს, ერთმანეთს ნაციონალური მოძრაობიდან თბილისის საკრებულოს წევრი ირაკლი ნადირაძე და „თავისუფალი დემოკრატებიდან“ ნონა თოდუა დაუპირისპირდებიან.

კრწანისის #7 ოლქში ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს ირაკლი აბესაძეს, რომელიც ასევე თბილისის საკრებულოს დეპუტატია, „თავისუფალი დემოკრატებიდან“ დიმიტრი კორთხონჯია დაუპირისპირდება.

ჯერ-ჯერობით უცნობია იმ დანარჩენი კანდიდატების კონკურენტები, რომლებიც ირაკლი ალასანიამ 5 ივლისს დაასახელა, თუმცა არა მთელი თბილისის მასშტაბით.

„თავისუფალი დემოკრატების“ ამ კანდიდატებს შორის არიან პარტიის ლიდერები, დეპუტატები და ასევე ახლად შემატებული წევრებიც. კერძოდ: 

  • #4 საბურთალოს მაჟორიტარული ოლქი- ალექსი პეტრიაშვილი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციის საკითხებში;
  • #15 დიდუბის მაჟორიტარული ოლქი – ზურაბ აბაშიძე, დეპუტატი, პარტიის ერთ-ერთი ლიდერი;
  • #5 საბურთალოს მაჟორიტარული ოლქი – დეპუტატი დავით ონოფრიშვილი, რომელიც 2015 წლის თებერვლამდე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე იყო;
  • #6  საბურთალოს მაჟორიტარული ოლქი – დეპუტატი შალვა შავგულიძე;
  • #1 მთაწმინდის მაჟორიტარული ოლქი – კოკა ფრუიძე, ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე სააკაშვილის ადმინისტრაციის დროს, რომელიც 2010 წელს დააპატიმრეს და სამწლიანი პატიმრობა შეუფარდეს.
  • #16 დიდუბის მაჟორიტარული ოლქი – ლევან სამუშია, ადვოკატი, რომელიც „თავისუფალ დემოკრატებში“ ე.წ. კაბელების საქმეზე სასამართლო განაჩენის გამოცხადების შემდეგ გაწევრიანდა.  

ასევე დანარჩენი კანდიდატები არიან: #8 ისნის მაჟორიტარული ოლქი- თენგიზ ხეჩიკაშვილი; #10 ისნის მაჟორიტარული ოლქი-გიორგი გოგილაშვილი; #12 სამგორის მაჟორიტარული ოლქი-ბესო ბერიძე; #14 ჩუღურეთის მაჟორიტარული ოლქი-დავით ამაშუკელი; #17 ნაძალადევის მაჟორიტარული ოლქი-ლევან მელიქია; #18 ნაძალადევის მაჟორიტარული ოლქი-ზეზვა ნაცვლიშვილი; #19ნაძალადევის მაჟორიტარული ოლქი-რამაზ გრიგალაშვილი; #21 გლდანის მაჟორიტარული ოლქი-ამირან გიგუაშვილი; #22 გლდანის მაჟორიტარული ოლქი-ვახტანგ მაჭავარიანი.

„თბილისის არჩევნებში ჩვენ შევდივართ გამარჯვებისთვის“, – განაცხადა 5 ივლისს კანდიდატების წარდგენისას ირაკლი ალასანიამ.

მისი თქმით, კამპანიის ფარგლებში „თავისუფალი დემოკრატების“ მთავარი გზავნილი იქნება “უკეთესი ეკონომიკა, უკეთესი ცხოვრება“. მისმა პარტიამ პროგრამის ეკონომიკური ნაწილი, ნაციონალური მოძრაობის მსგავსად, უკვე გაასაჯაროვა.

მსგავსი/Related

Back to top button