ახალი ამბები

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოში კონფლიქტების შესახებ რეზოლუცია მიიღო

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურმა სესიამ, რომელსაც თბილისი 1 ივლისიდან მასპინძლობს, 5 ივლისს დასკვნითი დეკლარაცია მიიღო, რომელიც თორმეტზე მეტ იურიდიულად არასავალდებულო რეზოლუციას მოიცავს მთელ რიგ საკითხებზე დაწყებული უსაფრთხოებით, ეკონომიკით და გარემოს დაცვით და დამთავრებული ადამიანის უფლებებით და  ჰუმანიტარული წუხილებით, რომელთაგანაც ერთ–ერთი საქართველოში არსებულ კონფლიქტებს ეხება.

რეზოლუცია მოუწოდებს რუსეთს, რომ „სრულად და კეთილსინდისიერად“ განახორციელოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და გააუქმოს სეპარატისტული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარება.

დოკუმენტი ასევე მოუწოდებს რუსეთს „ნება დართოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების ჩამოყალიბებას“ და უზრუნველყოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შეუფერხებელი წვდომა ამ რეგიონებზე, ასევე „უზრუნველყოს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო, ღირსეული და შეუფერხებელი დაბრუნება თავიანთი წარმომავლობის ადგილებში“.

რეზოლუცია ასევე მოუწოდებს რუსეთს „ძალის არგამოყენების იურიდიულად სავალდებულო ვალდებულება აიღოს, საქართველოს ცალმხრივი დაპირების საპასუხოდ“.

საქართველოს კონფლიქტების საკითხი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ ადრე მიღებულ მთელ რიგ რეზოლუციებშია დაყენებული.

3 ივლისს რეზოლუციის საპარლამენტო ასამბლეაზე წარდგენისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ „უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ასამბლეის დღის წესრიგში კვლავ აქტუალურია საქართველოში კონფლიქტების საკითხი იმის უზრუნველსაყოფად, რომ რუსეთის ფედერაციამ საერთაშორისო სამართლის სტანდარტები დაიცვას და რიგითი მოქალაქეების უფლებები დაცული იყოს“.

რეზოლუციაში ასამბლეა „სინანულს გამოხატავს იმასთან დაკავშირებით, რომ  საერთაშორისო მოწოდებების მიუხედავად, რუსეთის ფედერაცია კვლავ არღვევს საერთაშორისო სამართალს და უგულებელყოფს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, აგრძელებს რა ოკუპაციის და საქართველოს რეგიონების მცოცავი ანექსიის პოლიტიკას“.

მსგავსი/Related

Back to top button