ახალი ამბები

უსუფაშვილი ‘პოლიტიკური მაზოხიზმის ნიშნების შემცველს’ უწოდებს ქართული ოცნების პოზიციას ეუთოში გიგი წერეთლის კანდიდატურასთან დაკავშირებით

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა „თავის მომჭრელი და პოლიტიკური მაზოხიზმის ნიშნების შემცველი“ უწოდა მმართველი პარტიის ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს პოზიციას ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად წარდგენილი ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის გიგი წერეთლის კანდიდატურის მიმართ.

პრეზიდენტის არჩევა ერთ-ერთი ის დასკვნითი საკითხია, რასაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, რომლის ყოველწლიურ შეკრებასაც 1 ივლისიდან თბილისი მასპინძლობს, სხდომის ბოლო დღეს, 5 ივლისს  გადაწყვეტს. გიგი წერეთელთან ერთად, რომელიც ნაციონალური მოძრაობის პარტნიორმა ევროპის სახალხო პარტიამ წარადგინა, ამ თანამდებობაზე კენჭს ავსტრიელი დეპუტატი სოციალურ–დემოკრატიული პარტიიდან კრისტინ მუტონენი იყრის. პარტია ქართული ოცნების დელეგატები ავსტრიელ კოლეგას უჭერენ მხარს და ამის მიზეზად სოციალ-დემოკრატიულ პოლიტიკურ ოჯახთან მათი პარტიის კავშირს ასახელებენ.

3 ივლისს გავრცელებულ წერილობით განცხადებაში პარტია ქართულმა ოცნებამ გიგი წერეთლის კანდიდატურის წინააღმდეგ ერთ-ერთ არგუმენტად ისიც მოიყვანა, რომ მის ამ თანამდებობაზე არჩევას შეიძლება „ინტერესთა კონფლიქტი“ მოყვეს, რადგან უარყოფითად იმოქმედებს საქართველოში მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო როლზე. მმართველმა პარტიამ ასამბლეის წევრებს გადაწყვეტილების მიღებისას ამ გარემოებების გათვალისწინებისკენ მოუწოდა.

„აქ ჩვენ ვირჩევთ საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელს და ის არგუმენტები, რომელიც ქართულმა ოცნებამ მოიტანა და კოლეგებს განცხადების სახით შესთავაზა, არის კონტრპროდუქტიული“, – განაცხადა უსუფაშვილმა, რომელიც რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერია.

„მე თუ მკითხავთ, დღეს გიგი წერეთელს არჩევნების პროცესში ყველაზე დიდი პრობლემა აქვს რუსეთის დელეგაციის მხრიდან მხარდაჭერა და ყველაზე დიდი კოზირი უჭირავს ქართული ოცნების მხრიდან ასეთი წინააღმდეგობის სახით“, – განაგრძო მან, „ამიტომ ცოტა ღრმად ჩაუკვირდეს ყველა და ისე გააკეთოს განცხადებები“. 

რუსეთის დელეგაციის ზოგიერთმა წარმომადგენელმა, რომლებიც ასამბლეაში მონაწილეობისთვის სტუმრობენ თბილისს, განაცხადა, რომ პრეზიდენტად გიგი წერეთლის არჩევას დაუჭერენ მხარს. ეს კენჭისყრა ფარულია. 

ქართული ოცნების ფრაქციის ლიდერმა, დეპუტატმა გია ვოლსკიმ გამოთქვა ვარაუდი, რომ გიგი წერეთლის მხარდაჭერა მისი წარმდგენი ევროპის სახალხო პარტიისა და რუსეთის დელეგაციის გარიგების ერთ-ერთი თემა შეიძლება იყოს. ეს ვარაუდი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა უარყო და თავის მხრივ ივარაუდა, რომ ქართულმა ოცნებამ თხოვა რუსეთის დელეგაციის წევრებს, რომ გიგი წერეთლის მხარდაჭერი „ძალიან უცნაური“ განცხადება გაეკეთებინათ. 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელიც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელიცაა, განაცხადა, რომ მან თავიდანვე „სამარცხვინო“ უწოდა იმ კამპანიას, რაც ასამბლეის პრეზიდენტის არჩევის ირგვლივ ხდება.

„თუმცა შემდგომ კოლეგებმა ქართული ოცნებიდან მე მიმითითეს, რომ  არ იყავი სწორიო, რომ ამ მოვლენებს სამარცხვინო უწოდეო“, – განუცხადა უსუფაშვილმა 4 ივლისს ჟურნალისტებს, „მე ვაღიარებ, რომ არ ვიყავი სწორი, მართლაც შევცდი იმიტომ, რომ რაც დრო გავიდა, ვხედავ, რომ ეს მოვლენები არის არამარტო სამარცხვინო, არამედ თავის მომჭრელი და პოლიტიკური მაზოხიზმის ნიშნების შემცველი ხდება“.

მისი თქმით, უმჯობესი იქნება, რომ ასამბლეის ფარგლებში ყურადღება საქართველოს მხარდამჭერ გადაწყვეტილებებზე გამახვილდეს, ნაცვლად იმისა, რომ „ჩვენი შიდა პრობლემები მოვახვიოთ 56 ქვეყნის წარმომადგენლებს, რომლებიც ჩვენ გვთვლიან ევროპული ოჯახის წევრობისთვის ღირსეულ ქვეყანად“.

„ამ ქვეყნებში მაინც და მაინც არ არის მიღებული შიდა პოლიტიკური პროცესების საერთაშორისო არენაზე გატანა, მითუმეტეს მაშინ, როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელის არჩევაზეა საუბარი“, – დასძინა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button