ახალი ამბები

თავისუფალი დემოკრატები პენსიის ზრდის და მინიმალური ხელფასის სისტემის დანერგვის პირობას დებენ

ირაკლი ალასანიას ოპოზიციურმა პარტიამ „თავისუფალმა დემოკრატებმა“ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე გამარჯვების შემთხვევაში მინიმალური პენსიის 66%–ზე მეტით გაზრდის და იურიდიულად სავალდებულო მინიმალური ხელფასის სისტემის შემოღების პირობა დადო. 

„ჩვენი მთავარი გზავნილი ჩვენი ხალხისთვის არის უკეთესი ეკონომიკა, უკეთესი ცხოვრება“, – განაცხადა ალასანიამ 1 ივლისს, როდესაც მისმა პარტიამ თავისი საარჩევნო პროგრამის ეს ნაწილი გამოაქვეყნა.

„თავისუფალმა დემორატებმა“ პირობა დადეს, რომ მინიმალური პენსია 180 ლარიდან 300 ლარამდე გაიზრდება. 1 ივლისიდან მინიმალური პენსია 160 ლარიდან 180 ლარამდე გაიზარდა.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ საარჩევნო კამპანიის დროს, როდესაც თავისუფალი დემოკრატები კოალიცია ქართული ოცნების შემადგენლობაში შედიოდნენ, ირაკლი ალასანია ამომრჩევლებს ერთ–ერთი შეხვედრის დროს დაპირდა, რომ ყოველთვიური პენსია სულ ცოტა 220 ლარამდე გაიზრდებოდა – მაშინ პენსია 100 ლარი იყო; ამ დაპირებაზე ხშირად მიანიშნებდნენ ოპონენტები, როდესაც ქართულ ოცნებას თავის „შეუსრულებელ წინასაარჩევნო დაპირებებს“ ახსენებდნენ.

პარტია „თავისუფალი დემოკრატები“, რომელიც მმართველ კოალიციაში 2014 წლის ნოემბრამდე იყო, ასევე პირობას დებს, რომ საათში 3 ლარის ოდენობის, ანუ თვეში 500 ლარის ოდენობის მინიმალურ ხელფასს დააწესებს. „საქსტატის“ ინფორმაციით, ნომინალური ხელფასის ოდენობა თვეში 913 ლარი იყო 2016 წლის პირველ კვარტალში.  

„თავისუფალი დემოკრატების“ ეკონომიკური პროგრამის თანახმად, რომელიც პარტიამ ერთი წლის წინ გაასაჯაროვა , საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი არსებული 3%–დან 5%–მდე გაიზრდება მომავალ წელს, ხოლო 2018, 2019 და 2020 წლებში 6%, 8% და 9%–ით შესაბამისად, იმ პოლიტიკის შედეგად, რომლის გატარებასაც პარტია გეგმავს ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში. პარტიის თქმით, ამ ზრდას დამატებით 4 მილიარდი ლარის მობილიზება მოყვება სახელმწიფო ბიუჯეტში, რაც სოციალურ პროგრამებზე მეტი თანხების მობილიზებას შეუწყობს ხელს.

პროგრამის ერთ–ერთი კომპონენტის თანახმად, მოგების 15%-იან გადასახადს მხოლოდ ის კომპანიები გადაიხდიან, რომლებიც მოგებას გაანაწილებენ ან დივიდენდის სახით გასცემენ. პარლამენტმა მთავრობის მიერ ინიცირებული შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები მაისში დაამტკიცა და ის ძალაში 2017 წლიდან შევა; ხოლო 2019 წლიდან ეს წესი გავრცელდება ბანკებზე, სადაზღვევო კომპანიებზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე და ლომბარდებზე.

თავის ეკონომიკურ პროგრამაში „თავისუფალი დემოკრატები“ პირობას დებენ, რომ ბიზნესისთვის, რომელიც „მიკრო ბიზნესად“ კვალიფიცირდება, წლიური ბრუნვის ზღვარს სულ ცოტა გააორმაგებენ, რათა მათ მეტი საგადასახადო შეღავათები მიიღონ – ანალოგიური ინიციატივით ნაციონალური მოძრაობაც გამოვიდა თავისი საარჩევნო პროგრამის ეკონომიკურ ნაწილში; ნაციონალურმა მოძრაობამ ასევე პირობა დადო, რომ 2016 წლის ნოემბრიდან პენსიებს 50 ლარით გაზრდის.

დეპუტატმა „თავისუფალი დემოკრატებიდან“, დავით ონოფრიშვილმა, რომელიც პარლამენტის საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე იყო, სანამ გადადგებოდა მისი პარტიის ოპოზიციაში წასვლის მოტივით, განაცხადა, რომ ბიუროკრატიაზე ხარჯების შემცირება შესაძლებელს გახდის თანხების სოციალურ პროგრამებზე მობილიზებას.

პარტია ასევე აცხადებს, რომ ამჟამინდელი საარსებო მინიმუმი არ ასახავს რეალურ სიტუაციას და პარტიას მისი 250 ლარამდე გაზრდა სურს. „საქსტატის“ ინფორმაციით, 2016 წლის მაისის მდგომარეობით, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 160.6 ლარს შეადენდა.

მსგავსი/Related

Back to top button