ახალი ამბები

ბურჯანაძის პარტია საქართველოს მიერ „უბლოკო სტატუსის“ გამოცხადებისკენ მოუწოდებს

ნინო ბურჯანაძის დემოკრატიულმა მოძრაობამ განაცხადა, რომ საქართველოს მიერ ნეიტრალური „უბლოკო სტატუსის“ გამოცხადება ერთ-ერთი ის საკითხია, რომელზეც ოპოზიციური პარტია თავის წინასაარჩევნო კამპანიას ააგებს 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ.

„ჩვენ ვთვლით, რომ საქართველოს კონსტიტუციის მეშვიდე თავს უნდა დაემატოს მუხლი, რომლის მიხედვითაც საქართველო გამოაცხადებს უბლოკო სტატუსს“, – განაცხადა ბურჯანაძემ 30 ივნისს და დასძინა, რომ პარტია კანონპროექტის მოსამზადებლად მოქალაქეების ხელმოწერების შეგროვებას იწყებს.

„ეს ნიშნავს, რომ საქართველომ უარი უნდა თქვას ნებისმიერ სამხედრო ბლოკში გაწევრიანებაზე, იქნება ეს ნატო თუ ნებისმიერი სხვა სამხედრო ორგანიზაცია. საქართველოში არ უნდა იყოს განლაგებული არც ერთი სახელმწიფოს, არც ერთი სამხედრო ორგანიზაციის ჯარი“, – განაცხადა მან.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ 2016 წლის 8 ოქტომბერს, ძალიან ბევრი ადამიანი, საარჩევნო ბიულეტენში შემოხაზავს ნომერ 3-ს და მოგვცემს მანდატს ამ საკონსტიტუციო ცვლილების განხორციელებისათვის“, – დასძინა მან.

სულ ცოტა 113 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭიროა 150–წევრიან პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილების მისაღებად.

ბურჯანაძემ, რომელიც ამ ერთი წლის მანძილზე სამჯერ ესტუმრა რუსეთს ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებებისთვის, ასევე განაცხადა, რომ „ბუნებრივია მოვივლით მთელს საქართველოს, კარგად ავუხსნით ხალხს, თუ რას ნიშნავს ეს ინიციატივა ქვეყნისათვის“.

„ეს არის გამბედავი, პრინციპული გადაწყვეტილება, გადაწყვეტილება, რომლის გამოც ვიცით, რომ ბევრი ტალახი იქნება გამოსროლილი ჩვენი მიმართულებით, თუმცა ამის არ გვეშინია“, – განაცხადა მან.

მისი თქმით, დღევანდელი ხელისუფლების და „პოლიტიკური ელიტის მნიშვნელოვანი ნაწილის ქმედებებიდან გამომდინარე, საქართველო მოქმედებს არა საკუთარი, არამედ აშშ-ს და ნატოს ინტერესებით“. 

„დროა ქვეყანაში მოვიდეს ხელისუფლებაში ძალა, რომელიც უპირველესად საკუთარი ქვეყნის ინტერესებით იმოქმედებს“, – განაცხადა ბურჯანაძემ,  „დაუშვებელია, რომ ჩვენი სამშობლო კვლავ დარჩეს ორი სუპერსახელმწიფოს დაპირისპირების პოლიგონად“.

2016 წლის მარტში აშშ–ის ეროვნული-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, რესპონდენტების 68% აცხადებს, რომ ისინი მხარს უჭერენ ხელისუფლების გაცხადებულ მიზანს ნატოში გაწევრიანების თაობაზე; 19% კი ამ მიზნის წინააღმდეგია. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button