skip to content
ახალი ამბები

რუსეთმა ჯაშუშობისთვის გასამართლებული ქართველი გაათავისუფლა

საქართველოს მოქალაქე, რომელიც რუსეთში თბილისის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით იხდიდა სასჯელს, 28 ივნისს გაათავისუფლეს და ქართულ მხარეს გადმოსცეს, განაცხადა პრემიერ–მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ.

2014 წლის შემდეგ საქართველოს სულ შვიდი მოქალაქე იქნა გათავისუფლებული. სამი მათგანი, რომლებიც რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით გრძელვადიან სასჯელს იხდიდნენ, ქართულ მხარეს თვის დასაწყისში გადმოსცეს და სამი კი 2014 წელს.

„მე ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რომ კიდევ ერთი ჩვენი მოქალაქის განთავისუფლება მოხერხდა – ის მეშვიდე ჩვენი მოქალაქეა, იგი ჯაშუშობის ბრალდებით იხდიდა რუსეთში მრავალწლიან, ძალიან რთულ სასჯელს; გუშინ იგი უკვე დაუბრუნდა თავის ოჯახს თბილისში“, – განუცხადა აბაშიძემ „მაესტროს“ 29 ივნისს.

აბაშიძემ, რომელიც 28 ივნისს პრაღაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს შეხვდა, განაცხადა, რომ საქართველოს ეს მოქალაქეები რუსეთში 2008–2011 წლებში დააპატიმრეს. მან იმედი გამოთქვა, რომ ეს საკითხი „მალე“ სრულად მოგვარდება.

„ეს ძალიან რთული თემაა და ძალიან დიდი შრომა გავწიეთ", – განაცხადა მან, „ჩვენ ჩუმად, სხვადასხვა უწყებებთან ერთად, ზარზეიმის და შოუების გარეშე, ძალიან სერიოზული სამუშაო ჩავატარეთ“.

2013 წლის იანვარში საქართველომ ციხეებიდან 190 პატიმარი გაათავისუფლა, რომლებიც პარლამენტმა „პოლიტპატიმრებად“ ცნო. მათ შორის იყო რამდენიმე პირი, რომლებიც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის იყვნენ გასამართლებულნი, მათ შორის რუსეთის სამი მოქალაქე. მაშინ მოსკოვი მიესალმა მისი მოქალაქეების გათავისუფლებას.

 

მსგავსი/Related

Back to top button