ახალი ამბები

საქართველოს ლიდერები გმობენ ათათურქის აეროპორტში მომხდარ აფეთქებებს

საქართველოს ხელმძღვანელობამ დაგმო სტამბოლის ათათურქის აეროპორტში მომხდარი თავდასხმა, რომლის დროსაც 36 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 140–ზე მეტი დაშავდა.

„უკიდურეს მწუხარებას გამოვთქვამ სტამბოლის ათათურქის აეროპორტში მომხდარი აფეთქებების გამო, რომელსაც ადამიანების სიცოცხლე შეეწირა, არიან დაშავებულებიც. შეძრწუნებული ვარ უდანაშაულო ადამიანების მიმართ ჩადენილი ვერაგული აქტით. ეს სისასტიკე მთელმა მსოფლიომ საერთო ძალისხმევით უნდა შეაჩეროს“, – ნათქვამია პრემიერ–მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში, „ამ მძიმე წუთებში გამძლეობას ვუსურვებ თურქ ხალხს და თურქეთის მთავრობას“.

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა: „შეძრწუნებული ვარ სტამბოლის ათათურქის აეროპორტში განხორციელებული ტერორისტული აქტის გამო, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა. ამ განსაცდელის ჟამს ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, მტკიცე თანადგომას ვუცხადებ თურქეთის ხელისუფლებას და თურქ ხალხს ტერორიზმთან ბრძოლაში“.

თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ  და ნაციონალური მოძრაობის ერთ–ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ Twitter-ზე დაწერეს:

სტამბოლი–თბილისის ფრენები ყველაზე დატვირთული გრაფიკით ხორციელდება. ათათურქის აეროპორტში სამშაბათს საღამოს მომხდარი აფეთქებების შედეგად რამდენიმე ღამის რეისი გაუქმდა.

მსგავსი/Related

Back to top button