ახალი ამბები

პარტია ქართული ოცნება და კონსერვატორები საარჩევნო თანამშრომლობაზე კონსულტაციებს მართავენ

ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო და კონსერვატორები 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის ფორმებთან დაკავშირებით კონსულტაციებს მართავენ, განაცხადეს მმართველ კოალიციაში შემავალ ამ ორ პარტიაში.

„რა ფორმით მივიღებთ არჩევნებში მონაწილეობას ჯერ გადაწყვეტილი არ არის. კონსულტაციები გვაქვს ქართულ ოცნებასთან და შედეგები უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი“, – განუცხადა Civil.ge-ს კონსერვატოების ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გიგა ბუკიამ ორშაბათს.

კონსულტაციების მიმდინარეობა ასევე დაადასტურა ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ. Civil.ge-ს კითხვას ამ ორპარტიული კონსულტაციების საგანი არის საარჩევნო ბლოკად ფორმირება თუ მაჟორიტარულ კანდიდატებზე შეთანხმება, მან უპასუხა: „ვერ გეტყვით ჯერ. უახლოეს ხანებში ყველაფერი გაირკვევა“.

კონსერვატორების გარდა, რომელიმე სხვა პარტიასთან მსგავსი მოლაპარაკებები ზვიად კვაჭანტირაძემ არ დაადასტურა.

მარტის ბოლოს ქართულმა ოცნებამ-დემოკრატიულმა საქართველომ გამოაცხადა თავისი გადაწყვეტილება, რომ კოალიციაში შემავალი ხუთი პარტია არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას. ამ გადაწყვეტილების შემდეგ რესპუბლიკელებმა და მრეწველებმა განაცხადეს, რომ არჩევნებში ცალკე მონაწილეობისთვის იწყებენ მზადებას, ეროვნული ფორუმი კი უფრო შორს წავიდა და კოალიცია დატოვა. კონსერვატორებს საარჩევნო გაყრასთან დაკავშირებით თავისი მკაფიო პოზიცია არ დაუფიქსირებიათ.

იმავდროულად, ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ 27 ივნისს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მაჟორიტარ კანდიდატების შერჩევასთან დაკავშირებული სამუშაო პროცესი თითქმის დასრულებულია და სავარაუდოდ, ივლისის პირველ რიცხვებში პრეზენტაცია გაიმართება.

8 ოქტომბრის არჩევნებზე 150 წევრიან პარლამენტში 73 დეპუტატი ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებში უნდა აირჩეს, ხოლო 77 მანდატს პროპორციული სიით ის პარტიები/ბლოკები მიიღებენ, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.

პარტიებს ბლოკების შესაქმნელად ვადა 26 აგვისტომდე აქვთ; პარტიული სიებისა და ასევე მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენის ბოლო ვადა 8 სექტემბერია. ამავე დღეს გაირკვევა, თუ რამდენი დამოუკიდებელი მაჟორიტარი კანდიდატი მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას პარტიულ კანდიდატებთან ერთად, რომელთაც გამარჯვებისთვის 50%-იანი ბარიერის გადალახვა მოუწევთ. 

მსგავსი/Related

Back to top button