skip to content
ახალი ამბები

ღვარცოფმა დარიალის ხეობაში გზა დააზიანა

დარიალის ხეობაში, ყაზბეგი–ზემო ლარსის სასაზღვრო–გამშვები პუნქტის მახლობლად მდებარე გზის მონაკვეთი დაზიანდა მას შემდეგ, რაც ღვარცოფის გამო ადიდებული მდინარე თერგი კალაპოტიდან გადმოვიდა.

მცხეთა–მთიანეთის გუბერნატორის, გოჩა ზეიკიძის თქმით, გზის დაახლოებით 500–მეტრიანი მონაკვეთი დაზიანდა. 

გზის აღდგენას ათი დღიდან ორ კვირამდე დასჭირდება, განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა. 

გზის დაზიანებული მონაკვეთი საქართველოს და რუსეთს შორის ყაზბეგი–ზემო ლარსის სასაზღვრო–გამშვები პუნქტის უშუალო სიახლოვეს მდებარეობს. ეს გზა სომხეთისთვისაც მნიშვნელოვანია, რადგანაც ეს ერთადერთი სახმელეთო გზაა, რომელიც მას რუსეთთან საქართველოს გავლით აკავშირებს. 

საქართველოს ხელისუფლებამ ტრანსპორტის მოძრაობა გზაზე მის დაზიანებმდე 23 ივნისს გადაკეტა მას შემდეგ, რაც დევდორაკის ხეობაში მოსალოდნელი ღვარცოფების შესახებ ადრეული შეტყობინება მიიღო. 

ყაზბეგის სასაზღვრო–გამშვები პუნქტის თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა; მოგვიანებით, რამდენიმე ათეული ადამიანი გამოიყვანეს ხეობიდან  შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი ვერტმფრენით.

გზის იგივე მონაკვეთზე, რომელიც დარიალის ხეობაში გადის, 2014 წელს ორჯერ ჩამოწვა მეწყერი, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაიღუპა და დაზიანდა გზა, ასევე ყაზბეგის სასაზღვრო–გამშვები პუნქტის ინფრასტრუქტურა და მილსადენი, რომლითაც რუსული გაზი სომხეთს საქართველოს გავლით მიეწოდება.

ორივე შემთხვევაში, მეწყერი და ღვარცოფი დევდორაკის მყინვარიდან წარმოიშვა მყინვარწვერის ჩრდილოაღმოსავლეთ ფერდობზე, რომელმაც მდინარე თერგის ხეობა ჩახერგა. მდინარე თერგის გასწვრივ გადის გზა, რომელსაც ადრე საქართველოს სამხედრო გზა ერქვა და რომელიც ყაზბეგი–ლარსის სასაზღვრო–გამშვებ პუნქტს უკავშირდება. 

 

მსგავსი/Related

Back to top button